მართლა მიკვირს, რაზე ფიქრობენ ხოლმე ასეთ დროს. ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც "გამოუვალი მდგომარეობა" რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ამ არჩევანით სცადა, "ქართული ოცნების" მხარდამჭერების პროვოცირება და დაცინვა, თუმცა, თავად არიან გამოუვალ მდგომარეობაში, ვინაიდან, მათი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ქართველი ხალხის ნებას კი ვერაფერს უხერხებენ.
"ყველამ კარგად ვიცით, რასაც ემსახურება ეს ყველაფერი, იმ მილიონ ოთხასი ათასზე მეტი ადამიანის პროვოცირებასა და დაცინვას, ვინც საკუთარ ქვეყანას და სტაბილურობას დაუჭირა მხარი.
ჩვენს საქართველოში, სადაც მუსიკა ფაქტობრივად გენეტიკის ნაწილია, სადაც უნიკალური მრავალხმიანობა და უნიჭიერესი მომღერლები გვყავს, ელჩს მაინცდამაინც ამ ჯგუფის ნამღერზე რატომ უნდა მოუნდეს ცეკვა? ნუთუ მართლა სხვა, ბევრად უფრო საამაყო და ხარისხიანი მუსიკოსები ვერ იპოვეს ამ დალოცვილ ქვეყანაში?
პასუხი, ალბათ, იმაზე მარტივი და კომიკურია, ვიდრე გვეჩვენება. როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია და ქართველი ხალხის ნებას ვერაფერს უხერხებ, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ. ფაქტობრივად, თავიანთ ამჟამინდელ რეალობას გაუსვეს ხაზი, მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან და სხვა რა დარჩენიათ, თავად უკრავენ და თავადვე ცეკვავენ ამ აბსურდზე," - წერს ლიზა გეგეჭკორი.