საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეა - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ქართველი დეპუტატები თითქმის ერთი კვირის განმავლობაში არაერთ დელეგაციას შეხვდნენ, განიხილეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საქართველოს ინტერესებშია და რაც მთავარია, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებიდან მიიღეს გარანტია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის არაღიარების შესახებ.
ტანზანიაში ვიზიტის ბოლო დღეს, საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა და მომდევნო სამი წლით ეს პოსტი ავსტრალიის პარლამენტის თავმჯდომარემ დაიკავა. ოფიციალურ თბილისს და მე-11 მოწვევის პარლამენტის სპიკერს ავსტრალიელ კოლეგასთან კარგი ურთიერთობები აქვს რაც ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით თუ რა გადამწყვეტი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების გავლენა აქვს თავის უშუალო რეგიონში - ოკეანეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
ტანზანიაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ შეაჯამა. მისი თქმით, საერთაშორისო ასამბლეებსა და შეხვედრებს კონკრეტული დიპლომატიური შედეგები მოაქვს, რაც გაერო-ს რეზოლუციებში საქართველოს პოზიციების მხარდაჭერაში აისახება:
"სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვისმენთ ხოლმე ქილიკს ჩვენი ოპონენტებისგან, როდესაც მსოფლიო საპარლამენტო კავშირის შეხვედრებს ვესწრებით სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის დამცინავი, რაღაც ქედმაღლური ტონით, თუნდაც აფრიკული ქვეყნების მიმართ. თუმცა, ეს ყველაფერი შემდეგ ითარგმნება გაეროს რეზოლუციებში და ჩვენ ნახეთ, რომ წელს რეკორდულად მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციას გაეროში და ასევე კონსენსუსით უკვე მეორედ გავიდა ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუცია.
შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამას შედეგი მოაქვს. დიპლომატიაში მნიშვნელოვანია, რომ შენ ადამიანებს ესაუბრო და შენი სიმართლე გააგებინო. მაშინ, როდესაც ჩვენ მოკლებული ვართ იმ სიამოვნებას, რომ გქონდეს საელჩო მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები და ასეთი ასამბლეები არის ძალიან კარგი,"- აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.