ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოში შავი ჭირის გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე დამატებითი ღონისძიებების გატარების საჭიროება არ იკვეთება, თუმცა სახელმწიფო შესაბამისი ზომების მისაღებად მზად არის.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სამინისტრო აქტიურად აკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს. ინფორმაციას, რომელიც ამ მიმართულებით გროვდება, ძირითადად ისეთი გლობალური თანამშრომლობის პლატფორმიდან ვიღებთ, როგორიც არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი მიზეზი პანიკისა და ყალბი აჟიოტაჟისთვის არ არსებობს. რაიმე ზომების მიღების საჭიროება ამ ეტაპზე აბსოლუტურად არ იკვეთება და არავითარი რეკომენდაცია საამისოდ არ არსებობს.
მთელი მონაცემები, რომლებიც გროვდება, საქართველოსგან ძალიან შორს მდებარე ტერიტორიებს ეხება. მიმოსვლის ინტენსივობისა და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაიმე რეკომენდებული ზომების მიღების საჭიროება ნამდვილად არ იკვეთება. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ მზად ვართ ნებისმიერი მოქმედებისთვის, რაც საქართველოს მოსახლეობას მსგავსი რისკებისგან დაიცავს“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.