ის, ვინც დუმს ძალადობაზე ან მხარს უჭერს მოძალადეებს, საბოლოო ჯამში, მიიღებს ძალადობას საკუთარ ქვეყანაში და ასეც ხდება, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საფრანგეთში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციები.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, საფრანგეთის პოლიცია მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობს და კარგი იქნება თუ საქართველოში საფრანგეთის ელჩი მოგვიანებით გაასაჯაროებს ინფორმაციას, თუ რამდენი პოლიციელი დაისაჯა ძალადობის გამო და რა სასჯელი დაეკისრათ მათ:
"მაშინ, როდესაც თბილისის ქუჩებში მოძალადეები ცდილობდნენ პარლამენტის დაწვას, პრეზიდენტის სასახლის შტურმს, პოლიციელებს თავს ესხმოდნენ, აზიანებდნენ მათ, იცით, რომ ერთმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა, რამდენიმე ათეული პოლიციელის სტაციონარში გადაყვანა და ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო და ა.შ. მაშინ, ჩვენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან და მათ შორის საფრანგეთისგან, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტისგან გვქონდა ან დუმილი ძალადობაზე, ან მოძალადეების მხარდაჭერა. მაშინვე ვთქვით, რომ ის ვინც დუმს ძალადობაზე ან მხარს უჭერს მოძალადეებს, საბოლოო ჯამში, მიიღებს ძალადობას საკუთარ ქვეყანაში და ასეც ხდება.
როდესაც ახალისებ, მხარს უჭერ და უჩუმდები ძალადობას სხვა ქვეყანაში, შენ ამით უშვებ პრეცედენტს, რომ პოლიტიკური ძალადობა არის მისაღები და ზოგადად ძალადობა შეიძლება იყოს პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და თუ ამ პრეცედენტს უშვებ, ამის შედეგი ის არის, რომ საბოლოო ჯამში ამას მიიღებ საკუთარ ქვეყანაში.
დღეს ვხედავთ იმას, რომ პარიზის ქუჩები ფაქტობრივად საომარი ბატალიების სცენად არის გადაქცეული. ვხედავთ პოლიციის ბრუტალურ დამოკიდებულებას აქციის მონაწილეობის მიმართ, ვხედავთ პროტესტის მოძალადე მონაწილეებს, მაგრამ ვხედავთ მშვიდობიან მონაწილეებსაც და მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ როგორ ძალადობს პოლიცია, როგორ სცემენ ხელკეტებით აქციის მონაწილეებს. შეგახსენებთ, რომ ხელკეტები საერთოდ არ გამოიყენება საქართველოში პოლიციის მხრიდან და იქ პირდაპირ ხელკეტებით სცემენ, მიწაზე ათრევენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ქალებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება საჯარო ის რიცხვები, რაც პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიებას ეხება. 5 000 ადამიანი დააპატიმრეს, ძალადობა პირდაპირ ეთერში ჩანდა. ამიტომ, საინტერესო იქნება მოვისმინოთ თუნდაც საფრანგეთის ელჩისგან რაღაც პერიოდის შემდეგ, რა არის შედეგები, რამდენი პოლიციელი იქნა დასჯილი ამ ძალადობის გამო, რა სახის სასჯელები იქნა გამოყენებული ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.