პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნა და 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა ქვეყნის მთავარი გარანტიაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციის პირობებში საქართველო აუცილებლად ჩაერთვებოდა ომში და ნანგრევებად იქცეოდა. პაპუაშვილის თქმით, საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევები (მათ შორის IRI-სა და ევროკომისიის მონაცემები) ადასტურებს მთავრობის მიმართ მაღალ ნდობას, ხოლო ოპოზიციური ძალებისა და გიგა ბოკერიას რეიტინგი ნულოვანია და სტატისტიკურ ცდომილებაშიც კი ვერ ხვდება.
მისივე შეფასებით, ოპოზიციამ კვლევებში საკუთარი "მახინჯი პოლიტიკური სახე" დაინახა და რეალობას თვალს არ არიდებს, თუმცა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასულებს პოლიტიკური რეალობა ყველა არჩევნებზე დაეწევათ.
"რაც შეეხება მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" რომ არ ყოფილიყო ხელისუფლებაში 2012 წელს და ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, საქართველო შევიდოდა ომში. ამის მიმართ ეჭვიც კი არ არსებობს.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებოდით ომის ნაწილი და დღეს ჩვენ ვიქნებოდით ომის ნანგრევებში მყოფი ქვეყანა. რა თქმა უნდა, თუკი ხელისუფლებაში იმ უცხოელებს, რომელიც მაშინ დერეფან-დერეფან და კაბინეტებში დადიოდნენ, სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთსო, უნდა ჩაკეტოთ ჰაერიო, ამას რომ მოგვიწოდებდნენ ევროპელი და სხვა პოლიტიკოსები, აი იმათ რომ დახვედროდნენ, ვინც დღესაც ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დაუდგეს უცხოელს, რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად შევიდოდით ომში.
თავისთავად, ახლა, როდესაც პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფს, რომ 14 წელი უწყვეტი მშვიდობა არის ამ ქვეყანაში, თავისთავად დღეს ხალხის ნდობას აჩვენებს. რაც შეეხება "აირაის" კვლევას, აგერ "აირაის" კვლევა ერთი მხრივ, მეორე მხრივ ევროკომისიის კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ მთავრობის მიმართ ნდობით საქართველო მოწინავეა, ასე რომ ეს ერთმანეთს ემთხვევა და ეს არის კარგი დასტური, რომ როცა უყურებთ ობიექტურ კვლევებს, ისინი ერთმანეთს ემთხვევა.
ბოკერიას ჰგონია, რომ დაავიწყდა ხალხს რა როლი ჰქონდა მას სააკაშვილის დიქტატურული და მწამებელი რეჟიმის შექმნაში და იდეოლოგიურ გამყარებაში, ამას ვინმე დაუვიწყებდა, მაგრამ ამ კვლევამ აჩვენა, რომ ნული არის მათი რეიტინგი, სტატისტიკურ ცდომილებაშიც კი ვერ ხვდებიან.
ასე რომ, რა თქმა უნდა, სარკეში დაინახეს თავისი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ თუ თვალს აარიდებენ ამ სარკეს, ამ რეალობას გაექცევიან, მაგრამ რეალობა ყველას დაეწევა. უკვე ბევრჯერ დაეწია ეს რეალობა მათ არჩევნებში და მომავალ არჩევნებშიც ყველას დაეწევა, ვინც კი ქვეყნის ინტერესის წინააღმდეგ წავიდა", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.