29 სექტემბერი 2026,   19:33
ვრცლად
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 14 წლისაა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 14 წლისაა. აეროპორტის დაბადების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, 29 სექტემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებისთვის სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართება. წლევანდელ ღონისძიებაზე აეროპორტის 14 წლის იუბილესთან ერთად Wizz Air-ის ქუთაისის ბაზის დაარსებიდან 10 წლისთავიც აღინიშნება.

საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, 28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოქმედი კომპანიები და პარტნიორი ობიექტები მგზავრებს სპეციალურ შეთავაზებებსა და აქტივობებს შესთავაზებენ. უშუალოდ 29 სექტემბერს კი აეროპორტის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, სადაც მგზავრებისთვის დაგეგმილია მუსიკალური პროგრამა, დიჯეი, სხვადასხვა გასართობი აქტივობა და სიურპრიზები.
დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია 16 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს, მათგან 25 ევროპული მიმართულებაა. საქართველოდან ევროპაში ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება. ევროპული მიმართულებების ძირითად ნაწილს Wizz Air ასრულებს. ავიაკომპანიამ ქუთაისის აეროპორტიდან პირველი რეისი 14 წლის წინ შეასრულა და დღემდე აეროპორტის სტრატეგიულ პარტნიორად რჩება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ბაზა 2016 წელს ამოქმედდა და 5 ახალი მიმართულება დაემატა. ბაზის გახსნამ ქუთაისიდან ევროპული მიმართულებების განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობები გააჩინა და ავიაკომპანიის ქსელის გაფართოებას შეუწყო ხელი. 2016 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი ბაზირებული საჰაერო ხომალდით დაწყებული ოპერირება დღეს უკვე ოთხ ბაზირებულ საჰაერო ხომალდამდეა გაზრდილი.
14 წლის წინ კოპიტნარში მდებარე აეროპორტს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განახლებული ინფრასტრუქტურით ამოქმედდა. ამ პერიოდში აეროპორტის ტერმინალი არაერთხელ გაფართოვდა, განახლდა სააეროდრომო ინფრასტრუქტურა, განვითარდა მგზავრთა მომსახურების სერვისები და აეროპორტი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო საჰაერო კარიბჭედ ჩამოყალიბდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აგრძელებს ინფრასტრუქტურულ განვითარებას. დასასრულს უახლოვდება ახალი, 3.5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. პროექტის დასრულების შემდეგ აეროპორტი დიდი ზომის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღებას შეძლებს, რაც შორ მანძილზე საჰაერო კავშირების გაფართოების შესაძლებლობას შექმნის.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 14 წლის იუბილესა და Wizz Air-ის ქუთაისის ბაზის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება 29 სექტემბერს გაიმართება, ხოლო აეროპორტის დაბადების დღის კვირეულის ფარგლებში პარტნიორების სპეციალური შეთავაზებები და აქტივობები 28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საიუბილეო კვირეულის ფარგლებში მგზავრებს სპეციალური შეთავაზებები დახვდებათ როგორც აეროპორტთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო კომპანიებისგან, ისე აეროპორტში მოქმედი ობიექტებისგან. შეთავაზებები მოიცავს ტრანსპორტზე ფასდაკლებებს, სპეციალურ ტარიფებს, ინტერნეტპაკეტებს, საჩუქრებსა და სხვადასხვა გათამაშებას. Georgian Bus, Metro Georgia და Omnibus მგზავრებს სპეციალურ ფასდაკლებებსა და ტარიფებს შესთავაზებენ, ხოლო GPC, Roamingo, Magti და Globalcell სხვადასხვა შეთავაზებასა და საჩუქარს მოამზადებენ.

საიუბილეო კვირეულის ფარგლებში მგზავრებისთვის სპეციალური შეთავაზებები ექნება ახლადგახსნილ ბიზნეს ლაუნჯსაც, Visa-სთან პარტნიორობით. Visa მგზავრებს ლაუნჯში თემატურ საჩუქრებს დაურიგებს, ასევე ექნებათ ე.წ ფოტო სტენდი (Photo Booth) სადაც მთელი კვირის განმავლობაში ბრენდირებულ ფოტოსივრცეში ქუთაისის აეროპორტის დაბადების დღის თემატიკით, ლაუნჯის სტუმრები სამახსოვრო ფოტოების გადაღებას შეძლებენ.

დღის ამბები