რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპის შენელების შესახებ ექსპერტების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეფასებების დროს აუცილებელია კონკრეტული პროექტების, საინჟინრო სირთულისა და ქვეყნის რელიეფური და კლიმატური პირობების გათვალისწინება.
"როდესაც ოპონენტები საუბრობენ, რომ ბოლო ექვს წელში რაიმეს ტემპი შეჩერდა, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი, ალბათ ავიწყდებათ, რომ სწორედ ბოლო ექვს წელში დასრულდა ყველაზე მნიშვნელოვანი - რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც საინჟინრო თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთია არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ რეგიონში", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპის შეფასებისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს კონკრეტული პროექტების მასშტაბი და სირთულე, ასევე რელიეფი, გეოლოგიური და კლიმატური პირობები.
"როდესაც რომელიმე ექსპერტი ერთმანეთს რაღაცას ადარებს, ალბათ, უნდა გაითვალისწინოს კონტექსტიც. ექსპერტებს ვურჩევდი, გაითვალისწინონ რელიეფი, გეოლოგია, სხვადასხვა კლიმატური პირობები და ა.შ., როდესაც საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპზე საუბრობენ", - აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძემ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას განაცხადა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს.
მისი თქმით, დასრულდა ბათუმი-სარფის ახალი გზისა და გვირაბის პროექტის ტენდერი და უახლოეს დღეებში მშენებლობა დაიწყება. ასევე დასრულებულია თბილისის შემოვლითი გზის მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მონაკვეთების ტენდერები და სამუშაოების დაწყება უახლოეს კვირებში იგეგმება.
აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კახეთის მიმართულებით, ბადიაურის მონაკვეთზე, რომლის დასრულებაც უახლოეს თვეებშია დაგეგმილი. ამის შემდეგ ბადიაური-ბაკურციხის გზის მეოთხე და მეხუთე მონაკვეთების მშენებლობაზე ტენდერები გამოცხადდება.
მინისტრის განცხადებით, აქტიურად გრძელდება კობი-ქვეშეთის გზის მშენებლობაც. დასრულებულია 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა, ასევე მიმდინარეობს 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდის მშენებლობა.
"უამრავი პროექტი შემიძლია დაგისახელოთ, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით ან დასრულდა, ან მიმდინარეობს და იმაზე საუბარი, რომ რაიმე შენელდა, მგონია, რომ უბრალოდ არასერიოზულია", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.