გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, საუბრისას მხარეებმა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი და მიღწეული შეთანხმებების შესრულება განიხილეს.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ნორმალიზაციის პროცესის შემდგომი წინსვლის მნიშვნელობა და გამოთქვეს მზაობა, ახალი იმპულსი მისცენ ორმხრივ ურთიერთობებს. მათ ასევე აღნიშნეს თანმიმდევრული მუშაობის აუცილებლობა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების სტიმულირების, ბიზნესწრეებს შორის კონტაქტების დამყარებისა და ისტორიული ანიის ხიდის ერთობლივი აღდგენის კუთხით.
გარდა ამისა, ნიკოლ ფაშინიანმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზრები გაცვალეს მიმდინარე რეგიონულ საკითხებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებას. ორი ქვეყნის ლიდერებმა გამოთქვეს რწმენა, რომ ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა TRIPP-ის პროექტის განხორციელებისა და რეგიონული სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის აუცილებლობას.