ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დებატების - "ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ" - ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროპარლამენტარმა პატრიკ იაკიმ მისი პოლიტიკისა და დაპირებების შეუსრულებლობაზე მიუთითა.
ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის თანათავმჯდომარის განცხადებით, ფონ დერ ლაიენს 2020 წლის შემდეგ არაერთი დაპირება ჰქონდა, თუმცა, მისი შეფასებით, ევროკავშირში ეკონომიკური და ენერგეტიკული პრობლემები, კომპანიების გაკოტრება და ახალგაზრდების უმუშევრობა გაიზარდა.
პატრიკ იაკიმ ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის მიგრაციული და კლიმატის პოლიტიკა და განაცხადა, რომ ევროპა დღეს უფრო სუსტია, ვიდრე წარსულში. მისი თქმით, ახალგაზრდებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად საჭიროა ინტერნეტის ცენზურის შეწყვეტა, ასევე სამუშაო ადგილებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
"პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ! თქვენ თავად აღნიშნეთ, რომ საქმე სიტყვებზე მნიშვნელოვანია. ამიტომ გადავხედე თქვენს საქმეებს. გადავხედე თქვენს დაპირებებსაც - არა შარშანდელს, არამედ 2020 წლისას, რადგან თქვენ ექვსი წელი გქონდათ იმის დასამტკიცებლად, თუ რისი გაკეთება შეგეძლოთ. ეს უფრო დიდი ვადაა, ვიდრე წევრი ქვეყნების მთავრობების უმეტესობას აქვს.
დავიწყოთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციით. 19 ევროპული ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ოთხ მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ვაქცინა გაიფლანგა და დაიკარგა. და რა შედეგი მოგვცა აღდგენისა და მდგრადობის მექანიზმმა? ევროპის აუდიტორთა სასამართლომ მიუთითა გამჭვირვალობის ნაკლებობასა და თანხების არაეფექტიან ხარჯვაზე. მაგალითად, პოლონეთში თანხები დაიხარჯა სვინგერთა კლუბებზე, იახტებზე და პიცერიებში მოწყობილ სოლარიუმებზე.
თქვენ ბიუროკრატიის შემცირებას დაგვპირდით. მაგრამ რა მოხდა? ჩინოვნიკების რაოდენობა გაიზარდა, ახლა კი კიდევ უფრო მეტი თანამშრომლის დაქირავებაა გამოცხადებული.
თქვენ დაგვპირდით ახალ ინსტიტუტებს, ახალ ინდუსტრიულ სტრატეგიას და ენერგორესურსებზე უფრო დაბალ ფასებს. შედეგი? ინდუსტრიები იშლება, ხოლო თქვენი მმართველობის პერიოდში ენერგიის ფასები 100 პროცენტით გაიზარდა.
"ევროსტატის" მონაცემებით, ამ პერიოდში ევროკავშირში დაახლოებით მილიონ-ნახევარი კომპანია გადახდისუუნარო გახდა ან გაკოტრდა. ამავე პერიოდში ევროკავშირმა გლობალურ მშპ-ში თავისი წილის 5 პროცენტი დაკარგა.
შემდეგ საუბრობდით იმაზე, რომ ახალგაზრდებს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა სურთ. მაშინ ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი 14,3 პროცენტი იყო. დღეს კი ის 15,5 პროცენტია. თქვენ ასევე საუბრობდით ევროპულ "წყალბადის ველზე", სარემონტო და განახლების "ტალღაზე" და იმაზე, რომ ევროკავშირი ეკონომიკის სფეროში ლიდერი გახდებოდა. და რა მოხდა? დიდად არაფერი. სამაგიეროდ, ჩვენ მოვახერხეთ ბოთლის თავსახურების ბოთლებზე მიმაგრება და ევროპის მოქალაქეების იძულებით ნარჩენების შემგროვებლებად ქცევა.
ახლა მიგრაციაზე გადავიდეთ. 2020 წელს თქვენ ამბობდით, რომ მიგრაცია ევროპისთვის ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება რეალობა. ამბობდით, რომ მან ჩვენი კულტურები გაამდიდრა და უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. და ახლა რას აკეთებთ? კვლავ ახალ დაპირებებს იძლევით.
სამწუხაროდ, ევროპა არასდროს ყოფილა ისეთი სუსტი, როგორიც დღეს არის. ეს არ არის "ევროპა, რომელიც არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი", როგორც თქვენ ამბობდით. პირიქით - ევროპა დღეს იმაზე სუსტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. და თუ ნამდვილად გსურთ ახალგაზრდებისთვის რაიმეს გაკეთება, მაშინ შეწყვიტეთ ინტერნეტის ცენზურა. მიეცით ადამიანებს სამუშაო და უსაფრთხოება - განსაკუთრებით ქალებს, რომლებზეც, როგორც ჩანს, ასე ძალიან ზრუნავთ", - აცხადებს ევროპარლამენტში ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის თანათავმჯდომარე, პოლონეთის პარტია "კანონი და სამართლიანობის" ვიცე-პრეზიდენტი და პოლონეთის იუსტიციის სამინისტროს ყოფილი სახელმწიფო მდივანი პატრიკ იაკი.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე