გაზეთ "ასავალ-დასავალის" თითქმის ყველა ნომერში გამოქვეყნებული სტატიების პარალელურად, რომლებშიც ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე ირაკლი ღარიბაშვილის გამართლებას ცდილობენ, ამჯერად ექს-პრემიერს მხარდაჭერას გაზეთის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი უცხადებს. ლაშა ნადარეიშვილი გუშინ მთელი დღის განმავლობაში "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, დღეს კი სოციალურ ქსელში წერს ზუსტად იმავეს, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ წერილებში. ღარიბაშვილის მხრიდან დანაშაულის აღიარების მიუხედავად ჟურნალში დაიბეჭდა არაერთი სტატია ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, "ასავალ-დასავალის" მონაწილეობით საქართველოში მიმდინარე პროცესები ადამიანურ ტრაგედიაზე პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ემსახურება. მისი შეფასებით, ეს არის სკანდალის მაძიებელი ადამიანების პოლიტიკური ინტერესი და ამ საკითხით მანიპულირება არაეთიკურია. ვოლსკის თქმით, პროცესებში ირაკლი ღარიბაშვილის ჩართვაც გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.
"შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ კვლავ ძალაშია და პროცესები მიმდინარეობს, ახლა უკვე "ასავალ-დასავალის" მონაწილეობით. როგორც ამბობენ, გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭადაც არ ღირს ის, რასაც ლაპარაკობენ, მაგრამ ადამიანურ ტრაგედიაზე გადის ეს ყველაფერი. ალაპარაკეს ადამიანი, რომელსაც სადღაც ნანახი აქვს დოკუმენტი, რომელსაც იმხელა საიდუმლო გრიფი ადევს, თურმე ვერც გადმოწერ, ვერც წაიკითხავ და ვერც ვერავის გაუზიარებ. მაგრამ, ეს ადამიანური ტრაგედიაა და კარგად იცის თვითონ იმ ჟურნალისტმა, რომელიც ამ კითხვებს სვამს. ეს ყველაფერი არის უბედურება და ამ ადამიანის უბედურებაზე პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა, მით უმეტეს ასეთ მტკივნეულ საკითხზე, არის უსინდისობა, უზნეობა.
ეს არის სკანდალის მაძიებელი ადამიანების გარკვეული პოლიტიკური ინტერესები. ირაკლი ღარიბაშვილიც ამ საკითხებში ჩართეს, მან საკმაოდ მძიმე დანაშაული ჩაიდინა, აღიარებს, მაგრამ ამ შემთხვევაში არის გარკვეული მძევალი ამ ბინძური და აბსოლუტურად უზნეო პოლიტიკის", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.