პირველი სექტემბრიდან ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციისთვის სერტიფიკატის გაცემა ფასიანი გახდა და ერთ განაცხადზე 10 ლარია. ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ საქართველოში 3 000-ზე მეტი ღვინის მწარმოებელია დარეგისტრირებული, ქართული ღვინო მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში იყიდება, შესაბამისად, დარგის განვითარების ამ ეტაპზე სერტიფიცირების მომსახურების სრულად უფასოდ შენარჩუნების საჭიროება აღარ დგას.
"სერტიფიცირება ემსახურება ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფას. შესაბამისად, ამ პროცედურით მტკიცდება და დასტურდება, რომ საქართველოში წარმოებული ღვინო შეესაბამება იმ ნორმებს, რომლებიც დადგენილია არა მარტო ჩვენი კანონმდებლობით, არამედ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგლამენტებით, ევროკანონმდებლობით. შეგახსენებთ, რომ სერტიფიცირება სავალდებულოა საქართველოში ქართული ღვინის შემთხვევაში, როგორც ექსპორტისთვის, ასევე შიდა ბაზარზე", - აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.