გონიო-აფსაროსის ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე გალაკონცერტი - "გონიოს ჰანგები" გაიმართა.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „გონიოს ჰანგები“ მნიშვნელოვანი კულტურული ინიციატივაა, რომელიც ისტორიულ მემკვიდრეობასა და მუსიკას აერთიანებს, ხელს უწყობს შემოქმედებითი საქმიანობის განვითარებას, კულტურული ტურიზმის და კულტურული დიპლომატიის გაძლიერებას; მისივე თქმით,ფესტივალს აქვს პოტენციალი, საერთაშორისო მასშტაბებზე გავიდეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არაერთ სტუმარს უმასპინძლოს.
„ჩვენი მიზანია, გონიო-აფსაროსის ციხეს შევძინოთ ახალი ფუნქციური დატვირთვა და ის კიდევ ერთი მიმართულებით ვაქციოთ რეგიონის აქტიურ, თანამედროვე კულტურულ ცენტრად“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
საღამოს განმავლობაში შესრულდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების გამორჩეული ნაწარმოებები და არიები ქართული ოპერებიდან, საკონცერტო პროგრამა წარადგინეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა, კაპელამ, ვოკალურმა ანსამბლმა „ბათუმი“ და სხვა ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა.
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით დაწყებული ახალი მასშტაბური პროექტის ორგანიზებაში ჩართული იყო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.
საღამოს ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.