28 ივლისი 2026,   02:10
ვრცლად
როცა გვეუბნებიან, რომ კავშირში მიიღებენ ახალ წევრებს, მაგრამ მათ ექნებათ მხოლოდ ვალდებულებები და სიტყვის ამოღების შესაძლებლობაც კი არ ექნებათ, არის თუ არა ეს ქვეყნის სუვერენიტეტის განულება? - არჩილ გორდულაძე

ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის შესაძლო გაუქმებასა და ამით ქვეყნის სუვერენიტეტის განულების საფრთხეებზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე საუბრობს. მმართველი გუნდის წევრი პარლამენტის სპიკერის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზს ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირი საკუთარ სადამფუძნებლო პრინციპებს სცილდება. გორდულაძის შეფასებით, ახალი წევრებისთვის მხოლოდ ვალდებულებების დაკისრება და ხმის უფლების ჩამორთმევა სახელმწიფოებრიობის დაკარგვას ნიშნავს.

"როდესაც გვეუბნებიან, რომ კავშირში მიიღებენ ახალ წევრებს, მაგრამ ამ ახალ წევრებს ექნებათ მხოლოდ ვალდებულებები და სიტყვის ამოღების შესაძლებლობაც კი არ ექნებათ, ეს არის თუ არა ქვეყნის სუვერენიტეტის განულება? როცა გაქვს მხოლოდ ვალდებულებები და არა უფლებები, ეს ნიშნავს, რომ შენი სახელმწიფოებრიობა უბრალოდ ნულდება. ასეთი ევროკავშირი შეიქმნა?
 
ასეთ საფუძვლებზე არის ეს ორგანიზაცია შექმნილი თუ პირიქით - თანასწორუფლებიანობაზე, რათა პატარა ქვეყნებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, რომ დიდი ეკონომიკის და დიდი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყნებთან თანაბარუფლებიანად შესძლებოდათ საუბარი? წესით, ამ ყველაფრისთვის უნდა იყოს შექმნილი ევროკავშირი, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე სცილდება საკუთარ სადამფუძნებლო პრინციპებს და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ისინი არიან ცივილიზაციური უფსკრულის პირას", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
 
დღის ამბები