26 ივლისი 2026,   02:11
ვრცლად
საქართველო საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე - ქვეყანა ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

დიდი ბრიტანეთის უმსხვილესმა და გავლენიანმა სამოგზაურო პლატფორმა Wanderlust Travel Media-მ ყოველწლიური დაჯილდოების 2026-ის შერჩეული ნომინანტების სია გამოავლინა. ექსპერტთა შეფასებისა და სარედაქციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, საქართველო მოხვდა ნომინაციაშია - ევროპის ყველაზე სასურველი ქვეყანა. შერჩეულ სიაში ევროპის გამორჩეული და მიმზიდველი ტურისტული მიმართულებები შეიყვანეს.

Wanderlust-ის მიერ დაჯილდოება 25-ე წელია ტარდება და დიდ ბრიტანეთში ყველაზე მასშტაბურ სამომხმარებლო გამოკითხვად ითვლება. გამარჯვებულს მოგზაურები და მკითხველები ავლენენ. წელს ხმის მიცემაში 200 000-ზე მეტი მომხმარებელი მიიღებს მონაწილეობას.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ქვეყნის მარკეტინგულ კამპანიასა და პოპულარიზაციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობენ. საქართველოს მიმართ ინტერესის ზრდაზე სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. იანვარ-ივნისში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში მოგზაურთა რეკორდული მაჩვენებელი - 249 ათასი ვიზიტი დაფიქსირდა, რაც, წინა წელთან შედარებით, 23 პროცენტით მეტია. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 26-ში გაიზარდა.

მარკეტინგულ კამპანიებთან ერთად, ქართული კერძო სექტორის მხარდაჭერად და საქმიანი კავშირების გასაღრმავებლად, ევროპის ათობით ქალაქში, ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით, შეხვედრები, პრეზენტაციები და გაყიდვების მისიები მიმდინარეობს. ქართული ტურისტული კომპანიები მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობენ.

ქვეყნის შესახებ სარეკლამო კამპანიები მოიცავს გარე რეკლამასაც ევროპის უმსხვილესი ქალაქების ცენტრალურ მოედნებსა და ქუჩებზე. გახდება თუ არა საქართველო Wanderlust-ზე ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულება - გამარჯვებული ქვეყნები ცნობილი ოქტომბერში გახდება.

 

ავტორი:  თიკო ლობჯანიძე

დღის ამბები