"არ ვფიქრობ, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდეს, რა აქვს ჩადენილი, მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობიდან", - ამის შესახებ ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებული ნიკა კაპანაძის ადვოკატი საუბრობს.
როგორც უფლებადამცველი, ირაკლი აბსანძე ამბობს, დღეს განიხილება, რა აღკვეთის ღონისძიება იქნება კაპანაძის მიმართ გამოყენებული.
"დღეს განიხილება აღკვეთის ღონისძიების გადაწყვეტის საკითხი, რა აღკვეთის ღონისძიება იქნება მის მიმართ გამოყენებული და წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თარიღი. არ ვფიქრობ, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდეს, რა აქვს ჩადენილი, მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობიდან. სისხლის სამართლის საქმეს, ამ ეტაპზე, მისი ჩვენება საერთოდ არ აინტერესებს და არ სჭირდება, იმდენად არის მტკიცებულებები, რომელიც, დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე, ადასტურებს მისი მხრიდან ჩადენილ ქმედებას. სისხლის სამართლის საქმე მოითხოვს, რომ უნდა დაინიშნოს ფსიქიატრიული ექსპერტიზა. მას წარსულში ჰქონდა აღებული ნებართვა ცეცხლსასროლი იარაღის შენახვასთან დაკავშირებით და, იმ წარსულიდან მოყოლებული, ეს იარაღი მასთან ინახებოდა," - აცხადებს ადვოკატი, ირაკლი აბსანძე.
ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობის მცდელობას, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავებიან.