ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქვემო ენთელსა და სოფელ შოყაშიც. დაზიანდა სახლები, საგზაო ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და სპეციალური ტექნიკა, რომლებიც აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებენ.
"საღამოს ვიცოდით, რომ მოსალოდნელი იყო ძლიერი წვიმა და მივიღეთ ზომები, გავაგზავნეთ მძიმე ტექნიკა ადგილზე და ძალიან დიდი, ფაქტობრივად, ძალიან დიდი უბედურება ავიცილეთ თავიდან.
დაიტბორა ორი სახლი. ერთი სახლიდან გასული იყო მოსახლე და აღარ ცხოვრობს იქ, მეორე მოსახლის სახლიც დაიტბორა, მაგრამ ისიც არ იმყოფებოდა ამ ეტაპზე სახლში. ზიანი არ მიყენებია მოსახლეობას, დროულად გავწმინდეთ, კალაპოტი შევუცვალეთ წამოსულ წყალს. ტექნიკა ადგილზე გვყავს და დილიდანვე განვაახლებთ მუშაობას. გზები გავწმინდეთ, შეფერხება არ არის, მოსახლეობას გადაადგილებაში ხელი არ ეშლება," - აღნიშნა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქიმაძემ.