23 ივლისი 2026,   06:52
ვრცლად
მუსიკალური მეგა შოუ "საქართველოს ხმა" გრანდიოზული ფინალით დასრულდა - "რუსთავი 2 -ის" პირდაპირ ეთერში მაყურებელმა საუკეთესო შემსრულებელი გამოავლინა

"საქართველოს ხმის" სცენაზე მორიგი ისტორია დაიწერა. ისტორია, რომლის ბედიც 182 000-ზე მეტმა ზარმა და მაყურებლის უპრეცედენტო ჩართულობამ გადაწყვიტა.

შემოსული ზარების 33 პროცენტით რეზი დიდებაშვილმა "საქართველოს ხმის" ტიტული მოიპოვა და მესამე სეზონის მუსიკალური მარათონის გამარჯვებული გახდა.

რუსა მორჩილაძის "ოქროს ღილაკისთვის" ეს ტრიუმფი სიმბოლურია. დიდებაშვილმა ზუსტად 13 წლის წინ, "რუსთავი 2-ის" საბავშვო კონკურსში გაიმარჯვა. წლების შემდეგ იმავე სცენას უკვე შემდგარი მომღერლის სტატუსით დაუბრუნდა და მეორე, მთავარი გამარჯვება მოიპოვა. ფინალისტს "რუსთავი 2-მა" 20 000 ლარი გადასცა.

ფინალში "საქართველოს ხმის" ტიტულის მოსაპოვებლად ექვსი კონკურსანტი იბრძოდა. მონაწილეებმა ყველასათვის ცნობილი ნაწარმოებები შეასრულეს. თითოეულმა მათგანმა საკუთარ გამოსვლაში არა მხოლოდ ვოკალური მონაცემები, არამედ ემოცია და ის გზა წარმოაჩინა, რაც პროექტის დაწყებიდან ფინალურ ეტაპამდე გაიარა.

პროექტმა საქართველოს ახალი, გამორჩეული და მრავალფეროვანი ხმები გააცნო. მონაწილეებმა არაერთხელ შეძლეს საზოგადოების გაოცება და მუსიკის მოყვარულთა გულების დაპყრობა.

მესამე სეზონი დასრულდა, თუმცა სცენაზე დაწყებული ისტორია გრძელდება.

გამარჯვებული ცნობილია, მაგრამ პროექტის ყველაზე დიდი წარმატება ის ახალი მუსიკალური თაობაა, რომელიც მის სცენაზე დაიბადა და რომელმაც საკუთარი ადგილი ქართველი მსმენელის მეხსიერებაში უკვე დაიმკვიდრა.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები