21 ივლისი 2026,   09:44
ვრცლად
შეურაცხმყოფელი იუმორი - სკანდალური პოდკასტი საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა

შეურაცხმყოფელი განცხადებები, დაცინვა, გინება, ადამიანის ღირსების შემლახველი რეპლიკები - ამ შინაარსის რიტორიკაზეა აგებული თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მფლობელის, ანასტასია ბენდუქიძის, იუთუბ-პოდკასტი. გადაცემის წამყვანების დამამცირებელი ხუმრობების ადრესატები კი სასულიერო პირები, გარემოვაჭრეები და ხანდაზმული ადამიანები ხდებიან. პოდკასტის ერთ-ერთ ეპიზოდში შეურაცხყოფა ყველასთვის საყვარელ მწერალ ნოდარ დუმბაძესაც მიაყენეს.

ის, რაც საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელია, კონკრეტული ჯგუფებისთვის გამოხატვის თავისუფლებად ფასდება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მსგავსი შინაარსის ხუმრობები რეალურად სიძულვილის ენის ნორმალიზებას ემსახურება.

სად გადის ზღვარი იუმორსა და შეურაცხყოფას შორის? - იუთუბ-პოდკასტთან დაკავშირებით, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა, შეკითხვების დასმა გადაცემის ავტორთან ვცადეთ, თუმცა ანასტასია ბენდუქიძისგან პასუხები ვერ მივიღეთ.

ვიდრე გადაცემის იდეის ავტორი დუმს, შეურაცხმყოფელი ხუმრობების ავტორმა, ონისე ოქრიაშვილმა, საკუთარ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ბოდიშის მოხდის ნაცვლად თავის მართლებას ცდილობს.

დამაკნინებელი და ირონიული კომენტარების ავტორებს ხუმრობა ხელისუფლების ოპონენტებმაც დაუწუნეს, თუმცა მათი გამართლება მაინც სცადეს.

სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ამ შინაარსის პოდკასტების მიზანი საზოგადოებაში პოლარიზაციის გაზრდა და ანტიქართული წესების დამკვიდრებაა, რასაც ხელს ფინანსურად გარე აქტორებიც უწყობენ. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ეს მიზნები რეალობად ვერ იქცევა.

შეურაცხმყოფელი და დამცინავი ხუმრობები ტენდენციად იქცა. რამდენიმე დღის წინ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების მისამართით დისკრიმინაციული განცხადება ჯგუფური ძალადობისთვის გასამართლებული ონისე ცხადაძის ძმამ ერთ-ერთ იუთუბ-გადაცემაში გააკეთა. მანამდე კი მსგავსი შინაარსის დამაკნინებელი ხუმრობების ადრესატები ონკოპაციენტებიც გახდნენ.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები