21 ივლისი 2026,   09:19
ვრცლად
"ფურია როხა" ისევ მსოფლიო ჩემპიონია - ესპანეთმა ოქროს თასი დაიბრუნა

ისტორია განმეორდა… "ფურია როხა" ისევ მსოფლიო ჩემპიონია! 16 წლის შემდეგ ესპანეთმა ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო დაიბრუნა.

თუმცა ამ გამარჯვებამდე იყო გრძელი და არც ისე მარტივი გზა - ბევრი მატჩი, არაერთი რთული გამოცდა და არც ერთი მარცხი. ასე გახდა ესპანეთის ეროვნული ნაკრები საუკეთესო გუნდი საუკეთესოთა შორის. მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური დღე პირველი სასტვენით არ დაწყებულა.

ნიუ-იორკი ფინალისთვის დილიდანვე ემზადებოდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული გულშემატკივრები "მეთლაიფის" სტადიონისკენ რამდენიმე საათით ადრე დაიძრნენ. ესპანეთისა და არგენტინის დროშებით გაფერადებულ ტრიბუნებზე მთავარი მატჩის მოლოდინი თანდათან იზრდებოდა.

თუმცა, ვიდრე ფეხბურთელები მოედანზე გამოვიდოდნენ, მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საღამო გრანდიოზულმა ცერემონიამ გახსნა.

სტადიონი რამდენიმე წუთით საკონცერტო სცენად გადაიქცა. მუსიკა, ქორეოგრაფია და სამი მასპინძელი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის ელემენტები - ცერემონიამ ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და მექსიკის მიერ ჩატარებული მუნდიალის ერთთვიანი ისტორია შეაჯამა.

სცენაზე ერთმანეთის მონაცვლეობით გამოვიდნენ მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები. მათი გამოსვლები, ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი საღამოს წინ შექმნილ მოლოდინს კიდევ უფრო ზრდიდა.

ეს იყო ფინალის პროლოგი - სანახაობა, რომელიც უკვე მიანიშნებდა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასასრული მხოლოდ საფეხბურთო მატჩი არ იქნებოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნის შესრულების შემდეგ კამერები ფეხბურთელების გვირაბისკენ შემობრუნდა. იქ, სადაც უკვე ორი გუნდი იდგა - ერთი მსოფლიოს, მეორე კი ევროპის მოქმედი ჩემპიონი. ამ შემთხვევაში, ესპანეთის მიზანი, ისტორიაში მეორედ, მსოფლიო თასის აღმართვა იყო, არგენტინის კი - ჩემპიონის ტიტულის დაცვა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის პირველი წუთები იმაზე ფრთხილი აღმოჩნდა, ვიდრე გულშემატკივრების დიდი ნაწილი ელოდა. ორივე გუნდი შეცდომის ფასს კარგად აცნობიერებდა. ესპანეთი ბურთს აკონტროლებდა, არგენტინა კი საკუთარი შანსის მოლოდინში იყო. დაძაბული ტაქტიკური ბრძოლა სახიფათო მომენტებზე უფრო ხშირად ჭადრაკის პარტიას ჰგავდა.

45 წუთის შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში სრულიად ახალი თავი გადაიშალა.

ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ამერიკული სტილის ჰალფთაიმ-შოუ დაემატა. სცენა მსოფლიო ვარსკვლავებს დაეთმოთ, სტადიონი კი გრანდიოზულ საკონცერტო სივრცედ გადაიქცა.

FIFA-მ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თანამედროვე მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ სპორტული ტურნირი აღარ არის - ის გლობალური სანახაობაა, სადაც ფეხბურთი, მუსიკა და შოუ-ბიზნესი ერთ დიდ წარმოდგენად ერთიანდება.

შოუს დასრულების შემდეგ მთავარი როლი ისევ ფეხბურთელებმა დაიბრუნეს.

მეორე ტაიმში თამაშის ტემპმაც იმატა, თითოეული შეტევა კი უკვე მსოფლიო ჩემპიონის ბედს წყვეტდა. ფინალი ბოლომდე დაძაბული გამოდგა. ძირითადი 90 წუთის განმავლობაში ვერც ესპანეთმა და ვერც არგენტინამ მეტოქის კარის აღება ვერ შეძლო. მეორე ტაიმს მსაჯმა რვა წუთი დაამატა, თუმცა ანგარიში არც დამატებულ დროში შეცვლილა. უფრო მეტიც, კომპენსირებულ დროში არგენტინელმა ფერნანდესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და არგენტინა ათი ფეხბურთელით დატოვა. სწორედ ამან მისცა ესპანეთს კიდევ უფრო დიდი უპირატესობა.

გადამწყვეტი ეპიზოდი 106-ე წუთზე დადგა - სათადარიგოთა სკამიდან შესულმა ფერან ტორესმა კარის წინ შექმნილი არეულობით ისარგებლა, მოგერიებულ ბურთს პირველი დაეუფლა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ესპანეთს მოუტანა. დარჩენილ წუთებში არგენტინა გათანაბრებას ცდილობდა, თუმცა ესპანეთმა უპირატესობა შეინარჩუნა და გამარჯვებაც მოიპოვა.

"მეთლაიფის" სტადიონზე საზეიმო დაჯილდოების ცერემონია დაიწყო. ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მედლები მიიღეს, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები კი ინდივიდუალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ჯილდო ესპანეთის ნაკრების კაპიტანს FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადასცეს. როდრიმ ოქროს თასი თანაგუნდელებთან ერთად აღმართა.

ასე დასრულდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი - ტურნირი, რომელმაც პირველად გააერთიანა 48 ნაკრები, ისტორიაში პირველად ფინალს ჰალფთაიმ-შოუ შესძინა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ საფეხბურთო შეჯიბრება აღარ არის. ეს არის მოვლენა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მთელი მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს.

2026 წლის მუნდიალი უკვე წარსულია. მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატამდე დროის ათვლა უკვე დაიწყო. ახლა მსოფლიოს ნაკრებებს ახალი ოთხწლიანი გზა ელით, რომლის ბოლო გაჩერებაც 2030 წლის მუნდიალი იქნება.

დღის ამბები