შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მომზადების ბრალდებით, უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკების გავრცელების სქემა შეიმუშავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებას სხვადასხვა მეთოდით გეგმავდნენ.
სამართალდამცველებმა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი” ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, მათი დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 18 - 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- აღნიშნულია განცხადებაში.