პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ რურუა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე, "რუსთავი 2-თან" საკუთარ პროგნოზებსა და მოლოდინებზე საუბრობს. რურუა ამბობს, რომ დღევანდელ თამაში ესპანეთს უგულშემატკივრებს.
"საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და ძალიან რთულია სპორტსმენისთვის მასში მონაწილეობა, რადგან ისინი თამაშობენ, როგორც საკლუბო, ასევე, სანაკრებო ჩემპიონატებში. ჩემი აზრით, სანაკრებო კარიერა ბევრად რთულია, რადგან ელოდები მომენტს, რომელიც მოდის ოთხ წელიწადში ერთხელ და იქ უნდა იყო მაქსიმალურ კონდიციაში. ამაში ყოფნა, მაქსიმალური ენერგიის დახარჯვა და ამის ფონზე წარმატების მიღწევა, ურთულესია.
რაც შეეხება დღევანდელ ფინალურ მატჩს, სავსებით პროგნოზირებადი იყო, ორი უძლიერესი ნაკრები გავიდა ფინალში, არ ვარ არგენტინის გულშემატკივარი, უფრო ესპანური და ბრაზილიური ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ობიექტურად რომ შევაფასო, ლეო მესი არის ნომერ პირველი ფეხბურთელი ისტორიაში ზოგადად. მას დასამტკიცებელი არაფერი არ აქვს, ძალიან დიდი ხანი ვერავინ დაეწევა, მაგრამ დღეს ესპანეთს ვგულშემატკივრობ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას", - აღნიშნა ზურაბ რურუამ.
რამდენიმე საათში საფეხბურთო სამყარო ახალ ჩემპიონს გაიცნობს - დიდი სპორტული დღესასწაულის კულმინაციას მილიონობით გულშემატკივარი "რუსთავი 2-ზე" იხილავს. მინიმუმ 90 წუთი, 2 ნაკრები და 1 მთავარი მიზანი - მსოფლიო ჩემპიონატის თასი, რომელსაც ესპანეთში ან არგენტინაში ჩაიტანენ.
დღეს სწორედ ესპანელები და არგენტინელები იბრძოლებენ მსოფლიო ფეხბურთის უმთავრესი ტიტულისთვის - ერთს, მეორე მსოფლიო ჩემპიონობა სურს, მეორეს კი მორიგი მსოფლიო ტიტულის მოპოვება. 2 ღირსეული მეტოქე ტურნირის ფინალამდე დამაჯერებელი თამაშით მივიდა, დღეს კი ორივე გუნდი მოედანზე ერთი მიზნით გადის - სანაკრებო ისტორიაში ახალი წარმატება ჩაიწეროს.
ამერიკის შეერთებული შტატები, ნიუ ჯერსი და MetLife Stadium - შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე იწყება. მთავარი საფეხბურთო წარმოდგენისთვის ემზადება თბილისი და, რაც მთავარია, "რუსთავი 2," რომელიც უკვე 1 თვეა საფეხბურთო რიტმით ცხოვრობს. ქართველ ქომაგებს, სწორედ ჩვენი არხის მეშვეობით შეუძლიათ უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს, ნებისმიერ ეკრანზე, მათ შორის ფან ზონებსა და სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში. შეკრების ერთ-ერთი ადგილი რესპუბლიკის მოედანია, სადაც "რუსთავი 2-ისა" და თბილისის მერიის ორგანიზებით, დამონტაჟებულია დიდი ეკრანი და მოწყობილია სპეციალური, კვების ზონები.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი