20 ივლისი 2026,   02:24
ვრცლად
ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან ანაკლიის პორტის განვითარებაზე, ლენდლორდის მოდელის ფარგლებში, მთავრობა თავად გადაწყვეტს პორტის განვითარების გეგმას გრძელვადიან პერსპექტივაში - Port Consultants Rotterdam-ის დირექტორი

"ჩვენი კომპანია სპეციალიზებულია პორტებისა და საზღვაო კონსულტაციის მიმართულებით და ამჟამად ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებასთან დაკავშირებით," - ამის შესახებ Port Consultants Rotterdam (PCR)-ის დირექტორმა, პედია ზივონოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, მათი საქმიანობის მიზანი ახალი გენერალური გეგმის ალტერნატივის შემუშავებაა.

"ჩვენი მუშაობის მთავარი ფოკუსია ახალი გენერალური გეგმის ალტერნატივის შემუშავება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მთავრობის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომელიც გულისხმობს ე.წ. ლენდლორდის მოდელზე გადასვლას, სადაც სახელმწიფო თავად იღებს პასუხისმგებლობას პორტის სრულ განვითარებაზე.

ლენდლორდის მოდელის ფარგლებში, მთავრობა თავად გადაწყვეტს პორტის განვითარების გენერალურ გეგმას გრძელვადიან პერსპექტივაში - 2050 წლამდე ან უფრო შორს და გაითვალისწინებს საკმარის სივრცეს ყველა ტიპის ტვირთის მისაღებად, რაც შეიძლება ანაკლიის პორტში შემოვიდეს, კერძოდ: კონტეინერები, გენერალური ტვირთები, მშრალი ნაყარი ტვირთები და სხვა. ჩვენ სამუშაოს მომდევნო თვეში დავასრულებთ, რის შემდეგაც პროცესს მთავრობა გადაიბარებს, რათა დაიწყოს კომერციული განვითარება," - განაცხადა პედია ზივონოვიჩმა.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება. თამარ იოსელიანმა შეხვედრა გამართა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "Rotterdam-თან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების გენერალური გეგმის ალტერნატივები და შემდგომი ნაბიჯები.

ისაუბრეს პოტენციური ინფორმაციული დანაკლისის იდენტიფიცირებასა და ძირითადი რისკების შეფასებაზე. გაიმართა დისკუსიები გენგეგმის განახლებაზე, რათა ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორია ეფექტიანად იქნეს ათვისებული და ბაზრის მოთხოვნებს მოერგოს.

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება და წარმატება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული, რაც საშუალებას მოგვცემს, ნავსადგური რეგიონის მთავარ კარიბჭედ ვაქციოთ," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომელიც, "ლენდლორდის" მოდელით მომუშავე როტერდამის საზღვაო ნავსადგურს ეწვია.

ის, აგრეთვე, ადგილზე გაეცნო პორტის მართვის სისტემას, მულტიმოდალური ტერმინალების ოპერირებას, საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ლოგისტიკის ინტეგრაციას, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც უზრუნველყოფს ტვირთების სწრაფ, ეფექტიან და კონკურენტუნარიან გადაადგილებას. ორდღიანი ვიზიტის მიზანი იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ახალი მოდელის განხორციელების პროცესში მსოფლიოს საუკეთესო საპორტო გამოცდილებისა და საერთაშორისო პარტნიორების ექსპერტიზის გამოყენება. ნიდერლანდებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორებიც.

დღის ამბები