20 ივლისი 2026,   00:30
ვრცლად
ფოთი წყალსათხილამურო სპორტის ორ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე მდებარე "ოქროს ტბის" წყალსათხილამურო ბაზაზე, წყალსათხილამურო სპორტის ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართება:

ტურნირების ორგანიზატორები არიან საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაცია და "ფოთის ტბის კლუბი". ღონისძიების მხარდამჭერები არიან სპორტის სამინისტრო და ფოთის მუნიციპალიტეტის მერია.

შეჯიბრებები გაიმართება წყალსათხილამურო სპორტის სამ ძირითად დისციპლინაში:

1. სლალომი (Slalom)
2. ფიგურები (Tricks)
3. ტრამპლინიდან ხტომა (Jump)

ტურნირი ოფიციალურად 20 ივლისს გაიხსნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს ხუთი კონტინენტის სპორტსმენები, მათ შორის მსოფლიო რეიტინგის ლიდერები:

• ნეილი როსი
• ჯეიმი ბული
• ფრედი ვინტერი
• დანილო ფილჩენკო
• ტომას დეგასპერი
• ბრანდო კარუზო

ტურნირზე ასევე ასპარეზობს ცნობილი ქართველი სპორტსმენი გენადი გურალია, რომელიც ამჟამად წარმატებით გამოდის წამყვან ევროპულ ტურნირებზე. ტურნირის დახურვა და გამარჯვებულთა დაჯილდოება 21 ივლისს გაიმართება.

24-26 ივლისს კი, ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატი გაიმართება.(2026 IWWF Europe & Africa Open Waterski Championships)

24 ივლისს შედგება ოფიციალური გახსნის საზეიმო ცერემონია. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 80-დან 120-მდე სპორტსმენი ევროპისა და აფრიკის 20 ქვეყნიდან. ღონისძიებას დაესწრებიან საერთაშორისო მსაჯები, ტექნიკური პერსონალი და ოფიციალური პირები. ჩემპიონატის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 26 ივლისს გაიმართება, რის შემდეგაც მონაწილეებისთვის საზეიმო ბანკეტი მოეწყობა.

ფოთს წყალსათხილამურო სპორტთან განსაკუთრებული ისტორიული კავშირი აქვს. 1991 წელს სწორედ აქ გაიმართა საქართველოში პირველი ევროპის ჩემპიონატი ამ სპორტის სახეობაში და წელს ამ ისტორიული მოვლენის 35-ე წლისთავი აღინიშნება. აღსანიშნავია, რომ 1991 წლის ჩემპიონატი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ, საზეიმოდ გახსნა.

ქალაქის ხელსაყრელი კლიმატური პირობები, სპეციალურად მოწყობილი სპორტული ტბა და ადგილობრივი სპეციალისტების მრავალწლიანი გამოცდილება ქმნის ყველა აუცილებელ წინაპირობას იმისათვის, რომ ფოთმა კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს ამ მასშტაბურ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას. 

დღის ამბები