19 ივლისი 2026,   01:49
ვრცლად
დონალდ ტრამპის წერილი, ურთიერთობის გადატვირთვის მზაობა ვაშინგტონიდან და იდეოლოგიური თანხვედრა - როგორ შეფასდა თბილისში გზავნილი, რომელიც მომავალ თანამშრომლობას ეხება

ბატონო პრემიერ-მინისტრო... მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაძლიერებას - ასე იწყება და მთავრდება ვაშინგტონიდან თბილისში გამოგზავნილი წერილი, რომლის ავტორიც დონალდ ტრამპია, ადრესატი კი ირაკლი კობახიძე. ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერს საპასუხო მადლობას უხდის ამერიკის დამოუკიდებლობის იუბილეს მილოცვისთვის, თუმცა წერილში იმაზე მეტიც წერია -ვიდრე უბრალოდ მადლობა.

ოპტიმიზმს თავად დონალდ ტრამპისგან გამოხატული სურვილი აჩენს - ერთობლივ მუშაობასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რომლითაც ის ირაკლი კობახიძის სახელზე გამოგზავნილ წერილს აჯამებს. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტისგან სათანადო პასუხი მიიღო, რაც დადებითად მოქმედებს ურთიერთობის გადატვირთვაზე. თბილისი ვაშინგტონისგან მყარ პოზიციას სტრატეგიული მოთმინებით ელოდება.

სუვერენიტეტისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდაჭერა, გზა უსაფრთხო და მშვიდობიანი მომავლისკენ - ასე ხედავს დონალდ ტრამპი ორი ქვეყნის ერთობლივ მუშაობას თეთრი სახლიდან გამოგზავნილ წერილში.

საერთო ღირებულებებსა და ორივე მხარის ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობის აუცილებლობაზე დიდი ხანია საუბრობს მმართველი გუნდიც. დონალდ ტრამპის წერილის შემდეგ ქართულ ოცნებაში კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ საქართველო-ამერიკის მრავალწლიანი პარტნიორობა "დიფ სთეითის" გავლენით, სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციამ დააზიანა. ახალ ადმინისტრაციასთან რეალური პარტნიორობის დაწყების კონკრეტულ მიზეზებზე განცხადება სოციალურ ქსელში ლევან მაჭავარიანმა გამოაქვეყნა.

პრემიერ მინისტრ კობახიძის სახელზე პრეზიდენტ ტრამპისგან გამოგზავნილი წერილი, რომელიც პოლიტიკურ გზავნილებსაც მოიცავს, ქართული ოპოზიციის შეფასებით მხოლოდ პროტოკოლურია. ხელისუფლების ოპონენტებს ამ საკითხზე დღეს საერთო მესიჯი ჰქონდათ.

ოპოზიციის რეაქცია გასაკვირი არ ყოფილა ქართული ოცნებისთვის, სადაც ამბობენ, რომ ამერიკის პრეზიდენტის წერილმა სრულად ჩამოშალა მათი ოპონენტების ნარატივი - ერთის მხრივ ხელისუფლების იზოლაციასა და არაღიარებაზე, მეორე მხრივ კი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის უპერსპექტივობაზე. უმრავლესობის თქმით, იდეოლოგიური პარტნიორობის აღიარება საჭიროებს სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით გაფორმდეს თანამშრომლობა, რომლის ნორმალიზების მოლოდინსაც ტრამპის წერილი ნამდვილად აჩენს..

პრეზიდენტ ტრამპის თბილისში გამოგზავნილ წერილს წინ უძღოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ვაშინგტონში. მაკა ბოჭორიშვილი პირადად მარკო რუბიოს მიწვევით ესწრებოდა ფორუმს, სადაც სუვერენულ სახელმწიფოებზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების სხვადასხვა მეთოდზე მსჯელობდნენ.

დღის ამბები