როგორ შეიძლება ომის განხილვა შემოსავლის წყაროდ - კითხვა რიტორიკულია, თუმცა პასუხს კონკრეტული ადრესატი ჰყავს - ნიკა გვარამია, რომლის განცხადებაც სახელისუფლებო გუნდში ამორალურად შეფასდა. ვიცე-პრემიერის თქმით, ნაცმოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნის მანიპულაციური ნათქვამი, თითქოს უკრაინისთვის განკუთვნილი ტრილიონებით საქართველო ვერ ისარგებლებს, რეალურად არის წუხილი მშვიდობის შენარჩუნებისთვის, რომელიც კონკრეტული ძალებისა და მათი მოკავშირეებისთვის ფინანსურ სარგებელს არ იძლევა. მამუკა მდინარაძის შეფასებით, ცალკე საკითხია ისიც, რამდენად სპეკულაციურია საუბარი უკრაინისთვის გადასაცემ ტრილიონებზე მაშინ, როდესაც ომში მყოფ ქვეყანას უკვე მილიარდობით სესხი აქვს, გადახდა კი მომავალ თაობებს ეკისრებათ.
თავად გვარამია რამდენიმე დღეა არ განმარტავს, რა იგულისხმა განცხადებაში, რომელიც საჯაროდ გააკეთა.
გვარამია დუმს, თუმცა მის ფინანსურ ინტერესებზე საუბრობენ სხვები, თავად ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
საკუთარის შემდეგ, სხვის ომში ფულის კეთების სურვილი და ვალების ქველმოქმედებად წარმოჩენა - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ უკრაინას უანგაროდ არავინ ეხმარება და მათი ოპონენტებიც, სწორედ ანგარების მიზნით ცდილობდნენ წაეხალისებინათ პროცესები, რომელიც ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებდა.
264 მილიარდი დოლარი საგარეო ვალი, 90 მილიარდი ევრო ევროკავშირიდან კრედიტად - ეს ომში მყოფი ქვეყნის ბოლო მონაცემებია. უკრაინას სამომავლოდ მიღებული ფინანსების გადახდა მინერალების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებით, ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც მოუწევს.