ვიზიტი, რომელიც ახალ იმპულსს შესძენს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას - სწორედ ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტის თბილისში სტუმრობა. ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის გამართული პირისპირ შეხვედრისას, ყურადღება სატრანსპორტო-ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობას დაეთმო. ამ კონტექსტში აღინიშნა დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განსაკუთრებული მნიშვნელობა. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, ხელი შეუწყონ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის სამომავლოდ განვითარებას.
საქართველო რომ თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორია, სერდარ ბერდიმუხამედოვმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა. ითქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები თვისებრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. ერთობლივი სატრანსპორტო და ლოგისტიკის პორტფელი კი ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს მოიცავს, რაც ქვეყნებს ორმხრივ სარგებელს მოუტანს.
სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაღრმავება ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, განსაკუთრებულად აღინიშნა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი ვაჭრობის ზრდისა და სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით. შეხვედრას არ ჩაუვლია, შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე საუბრის გარეშე. საქართველო და თურქმენეთი შეთანხმდნენ ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებაზე, რაც დამატებითი ტვირთების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
საქართველო თურქმენეთის პოლიტიკური და სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაძლიერების დასტურად, ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას. შესაბამის უწყებებს შორის კი, ფინანსურ, ეკონომიკურ და სატრანსპორტო, ასევე ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. დოკუმენტები ერთობლივი კომისიების შექმნას, ვიზიტების გაცვლას, გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს.
საქართველოს ბოლოდროინდელი ურთიერთობები შუა აზიის ქვეყნებთან, ვიცე პრემიერ მამუკა მდინარაძის განმარტებით, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებას და რეგიონში პოზიციების გამყარებას ემსახურება. სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, ძლიერდება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის როლი.
თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოს დედაქალაქს გუშინ ეწვია. კოლეგას საქართველოს პრეზიდენტმა ათონელის სასახლეში უმასპინძლა. პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველო თურქმენეთის ბიზნესფორუმზე გადაინაცვლა. დელეგაციის წევრებთან ერთად თურქმენეთის პრეზიდენტი, გმირთა მემორიალზეც იმყოფებოდა და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. ვიზიტის დასასრულს, თურქმენეთის პრეზიდენტი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააცილა.