დღეს, უკრაინის რვა წამყვანმა საინფორმაციო საშუალებამ სასამართლოს მიერ გაცემული აკრძალვა დაარღვია და ერთობლივად გამოაქვეყნა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ოჯახის შესახებ დაბლოკილი საგამოძიებო რეპორტაჟი. გამოცემებმა გამოაქვეყნეს მწვავე ერთობლივი განცხადებაც, რითაც დაგმეს სასამართლოს მიერ გამოცემული აკრძალვის ბრძანება და მას სახელმწიფო ცენზურის აშკარა აქტი უწოდეს.
რეპორტაჟი, რომელიც OCCRP-ის უკრაინელმა პარტნიორმა Slidstvo.Info-მ და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა (AntAC) მოამზადეს, დეტალურად ამხელს უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს (SBI) დირექტორის, ოლექსანდრ სუხაჩოვის ძმის მიერ ხარკოვში 143 უძრავი ქონების შეძენის ფაქტებს.
6 ივლისს, კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ Slidstvo.Info-ს, AntAC-ს და ჟურნალისტ ალინა სტრიჟაკს აუკრძალა ქონების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება. ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებამდე გამოცემული წინასწარი აკრძალვა დაგმეს ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, ახალი ამბების სააგენტოების კოალიციამ ჩამოაყალიბა ორგანიზაცია სახელწოდებით - “ინიციატივა 143“ (სახელი დაერქვა მედია-ანგარიშში გამოვლენილი საკუთრების რაოდენობის მიხედვით) და საგამოძიებო მასალის სრული ტექსტი დღეს გამოაქვეყნა.
გამოცემა AntAC-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, დარია კალენიუკმა, განაცხადა, რომ გამოძიება და შემდგომი ცენზურის მცდელობა აჩვენებს SBI-ის რეფორმირების სასწრაფო აუცილებლობას.
„სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ძალიან საშიში პრეცედენტია“, - თქვა კალენიუკმა. „დარწმუნებულები ვართ, რომ ახლა ისინი უბრალოდ ამოწმებენ ინსტრუმენტს AntAC-ს და Slidstvo.Info-ს შესახებ, თუ როგორ აუკრძალონ ჟურნალისტებს კორუფციის გამოაშკარავება“.
ჟურნალისტური გამოძიების თანაავტორმა, მაქსიმ სავჩუკმა განაცხადა, რომ რეპორტაჟის მომზადებას რამდენიმე თვე დასჭირდა. „ჩვენ ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინეთ - კერძოდ, 143 ბინა და საოფისე ფართი, რომლებიც ეკუთვნოდა ან ეკუთვნის უფროს სუხაჩოვს, ასევე გამოვავლინეთ კავშირები, რომლებიც მიგვიყვანდა სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომდე, რომელსაც მისი ძმა ხელმძღვანელობს“, - თქვა სავჩუკმა.
სამართლებრივი დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალისტებმა კომენტარის მოთხოვნა გაუგზავნეს SBI-ის დირექტორ სუხაჩოვს და უძრავი ქონების დეველოპერ შპს "პარკოვი-2-ს" ამ ქონებასთან დაკავშირებით.
პასუხის ნაცვლად, დეველოპერმა სასამართლოს ბრძანება მოითხოვა, რათა ჟურნალისტებს ინფორმაციის გავრცელების უფლება არ მისცემოდათ. განცხადება სასამართლოში პარასკევს, 3 ივლისს შევიდა. ორშაბათს, 6 ივლისს, დილით, როდესაც დედაქალაქი რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგების აღმოფხვრას ცდილობდა - მოსამართლე სერგეი ვოვკმა აკრძალვა დააკმაყოფილა.
მოსამართლე ვოვკმა, როგორც ამბობენ, დაადგინა, რომ დეტალების გამოქვეყნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კერძო პირს, რომლის გამოსწორებაც ჟურნალისტური მასალის გამოქვეყნების შემდეგ შეუძლებელი იქნებოდა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ გამოქვეყნება არღვევდა შპს "პარკოვი-2-ის" კომერციულ საიდუმლოებებს.
უკრაინელი იურისტი და მედიაექსპერტი ლიუდმილა პანკრატოვა სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც „დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში უხეშ ჩარევას“, რამაც სხვებისთვის შესაძლოა წამახალისებელი ეფექტიც კი იქონიოს.
"ჩვენ არ გვახსოვს შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტური გამოძიება აიკრძალა მის გამოქვეყნებამდე“, - თქვა Slidstvo.Info-ს მთავარმა რედაქტორმა ანა ბაბინეცმა. "არსებითად, ჟურნალისტმა წარადგინა ინფორმაციის მოთხოვნა და მხოლოდ ამ მოთხოვნაში მოცემული კითხვების საფუძველზე, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ გამოძიება არ შეიძლება გამოქვეყნებულიყო".
ბაბინეცმა აკრძალული რეპორტაჟის სხვადასხვა მედიასაშუალებაში კოორდინირებულ გამოქვეყნებას „სოლიდარობის არაჩვეულებრივი აქტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მონაწილე რედაქციები სამართლებრივი ქმედებების რისკის ქვეშ არიან.
უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნულმა კავშირმა ხაზი გაუსვა გაერთიანებული გამოცემების ძალისხმევას და პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით გამოთქმულ სერიოზულ შეშფოთებას.
„ჟურნალისტური მასალის გამოქვეყნებაზე წინასწარი სასამართლო აკრძალვა სიტყვის თავისუფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფორმაა“, - განაცხადა „უკრაინსკა პრავდას“ მთავარმა რედაქტორმა, სევგილ მუსაიევამ. „სინამდვილეში, ეს წინასწარი ცენზურის შემოღების მცდელობაა“.
Slidstvo.Info-ს განცხადებაში კი ხაზგასმულია უკრაინის მიერ აღებული ვალდებულება, 2027 წლისთვის ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოოს შესაბამისი კანონმდებლობა. “სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელის შიდა წრის შესახებ გამოძიების დაბლოკვა ფაქტობრივად არღვევს სახელმწიფოს ევროპული ინტეგრაციის ვალდებულებებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.