პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ოლიგარქიული გავლენის ჯგუფებმა პოლიტიკური შურისძიების იარაღად გამოიყენეს. საუბარია "ჰააგის დოკუმენტზე", რომელიც, მისი შეფასებით, ჯო უილსონის ინიციატივით მომზადებულ დოკუმენტს დაეფუძნა და საქართველოს მიმართ კრიტიკულ დებულებებს შეიცავს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ტექსტი სამართლებრივი არგუმენტებისგან დაცლილია და მიზნად მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანებას ისახავს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, საკუთარი სადამკვირვებლო მისიის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მომზადებული დასკვნის უგულებელყოფაში დაადანაშაულეს დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. კანონმდებლები ორგანიზაციას მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული "მოსკოვის მექანიზმის" საფუძველზე მომზადებული ტექსტის გამოყენების გამო აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციით ეუთო საკუთარ საერთაშორისო ავტორიტეტს აზიანებს.
"მოსკოვის მექანიზმის" დასკვნასა და მის საფუძველზე შემუშავებულ რეზოლუციას ოპოზიცია იზიარებს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ დასკვნის ავტორის შეფასებები ტექსტის სამართლებრივ სისწორეს ეჭვქვეშ არ აყენებს და აცხადებენ, რომ რეზოლუცია სამართლებრივად გამართულია.
მმართველი გუნდი ოპონენტებსა და მათ საერთაშორისო მხარდამჭერებს საქართველოს წინააღმდეგ ღია მოქმედებაში ადანაშაულებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ერთ დროს მაღალი რეპუტაციის მქონე ეუთო, დღეს, ევროპაში მოქმედი გავლენის ჯგუფების ზეწოლის ქვეშაა, ხოლო საქართველო, მათი შეფასებით, დამოუკიდებელი პოლიტიკისა და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების გამო ისჯება.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ "ჰააგის დოკუმენტი" გასულ კვირას, 39 დელეგატის მხარდაჭერით მიიღო. კენჭისყრა ქართული დელეგაციის პროტესტისა და სხდომათა დარბაზის დატოვების ფონზე გაიმართა.