15 ივლისი 2026,   22:35
ვრცლად
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელსაც აფასოებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდა.

"გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები ,,მეთადონი", „ალფა-პვპ“, „კოკაინი“, „მდმ“, „კეტამინი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“ მცენარე „კანაფი“ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით,), 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ და მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 260 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (მარიხუანის უკანონო რეალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ, ხოლო ნაწილის მიმართ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს", - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები