საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქში კიდევ ერთ მარშრუტზე ცვლილება განხორციელდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რათა ისინი ზემო ფონიჭალიდან სადგურის მოედნის ცენტრალურ კვანძს მარტივად და კომფორტულად დაუკავშირდნენ.
"N344 მარშრუტს, რომელიც მგზავრებს ზემო ფონიჭალიდან ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით ემსახურება, ექვსი ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა. ასევე, მარშრუტი კოტე აფხაზის ქუჩიდან გაგრძელდა სადგურის მოედნამდე, რუსთაველის გამზირის, მარჯანიშვილის ქუჩის, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების გავლით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, მსგავსი ცვლილებები მოცდის დროის შემცირებისა მეტი მგზავრის მომსახურების შესაძლებლობას იძლევა.
„ყოველდღიურად ვაკვირდებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას, სად გვაქვს სირთულე, რომელ მარშრუტს სჭირდება გაუმჯობესება, დამატება და ა.შ. შესაბამისად, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განაგრძობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების ოპტიმიზაციას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.