საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერთან, სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ლევან ჟორჟოლიანთან ერთად, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან და გამგეობის წევრებთან შეხვედრა გამართა.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრი, მარიამ გრიგოლიშვილი აცხადებს, რომ პრემიერისთვის და მთლიანად "ქართული ოცნების" გუნდისთვის მნიშვნელოვანია ისმოდეს ახალგაზრდების ხმა და მათ ინიციატივებს შესაბამისი ყურადღება მიექცეს.
"ბატონი პრემიერისთვის, ასევე, მთლიანად "ქართული ოცნების" გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ცენტრალური ხელისუფლების დონეზეც, ისმოდეს ახალგაზრდების ხმა, მათ ინიციატივებსა და გამოწვევებს კი, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდეს. სწორედ, ასეთი პირდაპირი კომუნიკაცია ბატონ პრემიერთან არის დასტური იმისა, რომ რეალურად იქცევა ის ინიციატივები, რაც ახალგაზრდებმა გააჟღერეს, ხოლო ის გამოწვევები, რაც მათ დაასახელეს აუცილებლად გამოსწორდება. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის ორი ძირითადი პრობლემა, რომლებიც ახალგაზრდების მხრიდან დასახელდა, ეს გახლდათ მიგრაცია რეგიონებიდან, ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ საიმისოდ, რომ დარჩნენ რეგიონებში, ჰქონდეთ ძალიან ბევრი რესურსი და ისევ რეგიონების განვითარებას მოახმარონ მათი ახალგაზრდული ენერგია. ხოლო მეორე გამოწვევად გამოიყო ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებობა, რადგანაც მეტი ახალგაზრდული სივრცე, კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შეკრებს ერთად და კიდევ უფრო მეტ კარგ პროექტს დააგეგმვინებს ერთობლივად," - განაცხადა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრმა, მარიამ გრიგოლიშვილმა.
ავტორი: ნანა გოგატაძე