09 ივლისი 2026,   22:36
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" 6-თვიანი ციკლი პარტიის ყრილობამდე - შიდაპარტიული დაპირისპირება გრძელდება

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - არჩევნების გზით არც თავად დანიშნულა, თუმცა ეს თინა ბოკუჩავასთვის პრობლემა აქამდე არ ყოფილა. მეტიც, 2 წლის განმავლობაში, არ ამხელდა რეალურ მიზეზს, თუ რატომ ჩაანაცვლა, სააკაშვილის მითითებით, ლევან ხაბეიშვილი.

"ნაციონალურ მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე სიმართლეზე, ამომრჩევლის ნებისა და კანონის უგულებელყოფაზე მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც პროცესებს მიღმა აღმოჩნდა.

მისი ადგილი ვერც რეფორმატორთა საბჭოში გამოიძებნა, რომლის აღმასრულებელი მდივანიც ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება. სწორედ მისი გამოჩენის შემდეგ გააპროტესტა ბოკუჩავამ თანათავმდჯომარეობა. დღეს კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი პარტიაში თავმჯდომარის პოსტის გაუქმებასაც აპირებს.

არჩევნების ნაცვლად, ყრილობა დროებით მმართველებს დანიშნავს, რომელთაც მოუწევთ, გაითვალისწინონ რეფორმატორთა საბჭოს იდეები. სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანის და მისი გუნდის, ანუ უპარტიო ნაციონალების შემუშავებული გეგმით უნდა მოხდეს" ნაციონალური მოძრაობის" გარდაქმნა. საბჭოს შემადგენლობას სკეპტიკურად უყურებენ ისინი, ვისაც არჩევნების მოლოდინში თავმჯდომარეობის ამბიციებიც გაუჩნდათ.

"ნაციონალური მოძრაობის" მენეჯმენტი უკვე უფლებამოსილების ვადაგასულია. გამონაკლისი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა. მიხეილ სააკაშვილმა პარტიულ თანამდებობაზე მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი დატოვა, რომლის მეგობრებიც ჟორჟოლიანის რეფორმებს წინასწარ უცხადებენ ნდობას. მათი მტკიცებით, დაანონსებული ცვლილებები პარტიას ე.წ. საბოტაჟნიკებისგანაც წმენდს.

სწყინს ბევრს, განსაკუთრებით ძველებს, რომლებიც ახლებით მათი ჩანაცვლების საფრთხეს ხედავენ. რატომ ქმნის უკრაინის მოქალაქე და უკრაინის რეფორმების საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი ამავე სახელწოდების სტრუქტურას საკუთარ პარტიაში? მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ სააკაშვილი, ნებისმიერი გზით, თუმცა უშედეგოდ ცდილობს პოლიტიკური მიზნების მიღწევას.

"ნაციონალური მოძრაობა" ყრილობას ივლისის ბოლოს გეგმავს - აირჩევენ მართვის დროებით ორგანოს, დაამტკიცებენ რეფორმატორთა საბჭოსაც. სააკაშვილის გეგმით და ჟორჟოლიანის შესრულებით, პარტია სექტემბრამდე ფუნდამენტურად უნდა გარდაიქმნას.

დღის ამბები