07 ივლისი 2026,   22:26
ვრცლად
უკრაინის საკითხზე სტამბოლში გამართული შედეგიანი შეხვედრის შემდეგ, დასავლელი მოკავშირეების ნაწილის მხარდაჭერა ვერ მივიღეთ, მათ მიაჩნდათ, რომ რუსეთის დასასუსტებლად ომი უნდა გაგრძელებულიყო - ჩავუშოღლუ

"როცა უკრაინაზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ თურქეთის შუამავლის როლი. სტამბოლის შეხვედრა, რომელიც ანტალიის შეხვედრიდან სამი კვირის შემდეგ გაიმართა, ყველაზე შედეგიანი და შინაარსიანი აღმოჩნდა", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ფორუმზე "მოკავშირეები ანკარაში".

მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ, თუმცა, მისივე თქმით, მოკავშირეების ნაწილი მხარს ომის გარძელებას უჭერდა.

"სამწუხაროდ, მოგვიანებით ჩვენი დასავლელი მოკავშირეების ნაწილის მხარდაჭერა ვერ მივიღეთ, რადგან მათ მიაჩნდათ, რომ რუსეთის დასასუსტებლად ომი უნდა გაგრძელებულიყო. მოგწონთ ეს თუ არა, სწორედ ასეთი იყო ზოგიერთი მოკავშირის, მათ შორის შეერთებული შტატების, მიდგომა. დასავლეთის ორ მთავარ მოკავშირეს - აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს - მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ.

უკრაინა ჩვენგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა - NATO-ის მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიების სახით. თუმცა მთავარმა მოკავშირეებმა ამაზე დაუყოვნებლივ უარი განაცხადეს. მე გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი ხუთეულის წევრი ქვეყნების და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს დავუკავშირდი. ზოგი მათგანი კონსტრუქციულად იყო განწყობილი - ცდილობდნენ, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ალტერნატიული ვარიანტი მოეძებნათ. თუმცა ზოგიერთმა თქვა: "არა, ეს არ უნდა გავაკეთოთ. უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, შესაბამისად, ომიც უნდა გაგრძელდეს". სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ - ომის უკვე მესამე წელს. ვფიქრობ, მოგწონთ ეს თუ არა, ტრამპი მაშინ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, ეს ორი ქვეყანა არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტას მიაღწევდა. ბაიდენის ადმინისტრაცია კი მკაფიოდ ემხრობოდა ომის გაგრძელებას", - აცხადებს მევლუთ ჩავუშოღლუ.

ცნობისთვის, ანკარაში მალე უნდა დაიწყოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლა. მაკა ბოჭორიშვილი ესწრება ღონისძიებას "მოკავშირეები ანკარაში", რომელიც NATO-ის უმაღლესი დონის სამიტის პარალელურად ტარდება.

საგარეო საქმეთა მინისტრი ღონისძიებას სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან ერთად ესწრება. მთავარი აქცენტი გაკეთდება უსაფრთხოების საკითხებზე, გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე.

ვიცე-პრემიერი საქართველოს უსაფრთხოების გზავნილებზე პანელურ დისკუსიაზე ისაუბრებს. 

დღის ამბები