30 ივნისი 2026,   22:40
ვრცლად
მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა - ეკა კუპატაძე ეკატერინა ივანიშვილს

შვილმოკლული გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის მიმართვას ეკატერინა ივანიშვილმა უპასუხა.

ეკატერინა ივანიშვილმა კუპატაძეს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია სახელმწიფო უწყებების მიერ საქმის სრულყოფილად გამოძიებაში, რათა მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

საპასუხოდ, ეკა კუპატაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ეკატერინა ივანიშვილს პასუხისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ახლა მთავარი სამართლის აღსრულებაა.

"მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა.

მე მხეცურად მომიკლეს უდანაშაულო შვილი.

რომ არა ნია იმნაძე ან/და გიორგი მალანია, დღეს გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა.
საქმეში უხვადაა პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებები, პროკურატურას აქვს სრული მზაობა, სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ვიმედოვნებ, ხელი არ შეეშლებათ თავიანთ უფლებამოსილებაში.

სიმართლე ცალსახაა, დარჩა მთავარი - სამართალი.

ბედნიერ დედად დაბერდით, ქალბატონო ეკატერინა," - წერს სოციალურ ქსელში ეკა კუპატაძე.
დღის ამბები