ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დაესწრო.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პლატფორმების შექმნა, რომლებიც სამეცნიერო ცოდნასა და პრაქტიკულ სამედიცინო საქმიანობას ერთმანეთთან აკავშირებს. მისი თქმით, დარგის განვითარებისთვის მეცნიერებსა და პრაქტიკოს სპეციალისტებს შორის თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ორდღიანი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტები რადიაციული უსაფრთხოების, რადიაციული დაცვისა და სამედიცინო ფიზიკის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და თანამედროვე მიდგომებს განიხილავენ. მონაწილეები ასევე იმსჯელებენ დარგში მიღწეულ შედეგებსა და განვითარების პერსპექტივებზე.
კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სამედიცინო ფიზიკისა და რადიაციული დაცვის ასოციაციის, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.