26 ივნისი 2026,   22:49
ვრცლად
აშშ FARA-ს კანონს ამკაცრებს - შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე დაამტკიცა

"რადიკალების დაფინანსება", "დაფინანსებული მართული აქციები შეერთებულ შტატებში, ამაში ვიღაც ფულს იხდის" - ასე აღწერა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ის მეთოდები, რომლებსაც შტატების შიდა პოლიტიკაში ჩარევის მიზნით, უცხო სახელმწიფოები იყენებენ.

მარკო რუბიომ კანონმდებლებთან პირდაპირ თქვა, რომ მსგავს საქმეებს სახელმწიფო FARA-ს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის სამართლებრივ მექანიზმებს უპირისპირებს.

მოსმენის შემდეგ მალევე გაირკვა, რომ კონგრესმა FARA-ს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე დაამტკიცა. 10 სენატორის მიერ მომზადებული პროექტი იმ გამონაკლისების გაუქმებას ითვალისწინებს, რომლებიც, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს შტატებში ლობისტური საქმიანობის განხორციელების და უცხოელი აგენტის სტატუსით რეგისტრაციის თავიდან არიდების საშუალებას აძლევდა.

ვაშინგტონში მიმდინარე პროცესებს თბილისშიც აკვირდებიან. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ შიდა პოლიტიკური პროცესების გარე მავნე ჩარევებისგან დაცვა აშშ-ის მხრიდან ბუნებრივი და ლოგიკური ნაბიჯია. ლევან მახაშვილი საუბრობს იმ ანალოგიურ ქმედებებზეც, რომლებიც საქართველომ განახორციელა და აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯებს პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასებები და სახელმწიფოს მიმართ შანტაჟი და ბულინგი მოჰყვა.

FARA - იგივე უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი, შტატებში 1938 წლიდან მოქმედებს. მისი მიზანი უცხოური გავლენის ჩარევის აღკვეთა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. მოთხოვნების შეუსრულებლობა ან რეგისტრაციისას ცრუ ინფორმაციის მითითება სამართლებრივ შედეგებს ითვალისწინებს, მათ შორის, 10 000 აშშ დოლარამდე ჯარიმას ან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები