კომუნიკაციების კომისიამ „ტელეკომპანია პირველი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, 2500 ლარით დააჯარიმა.
კომისიამ მაუწყებლის მონიტორინგი 11 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, 11:00, 15:00 და 20:00 საათიან „პირველებში“ კანონის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში აღნიშნულ საინფორმაციო პროგრამებში საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების/მოსაზრების საფუძველზე მოხდა.
მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების მიხედვით.
კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.
კომისიამ დაადგინა, რომ მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანების ან ჟურნალისტების მხრიდან და გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები. კანონის შესაბამისად, მაუწყებელმა ახალი ამბები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე არ უნდა გააშუქოს. მოცემულ შემთხვევებში კი მაუწყებლის წამყვანების/ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული ფრაზები მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმის, შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით წარმოადგენს სწორედ მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული კანონდარღვევის გამო, მაუწყებლის მიმართ სანქციის სახით წერილობითი გაფრთხილება მიმდინარე წელს უკვე გამოყენებულია და ტელეკომპანიამ დარღვევა განმეორებით ჩაიდინა, კომუნიკაციების კომისიამ „ტვ პირველი“ კანონით გათვალისწინებული მინიმალური სანქციით - 2500 ლარით დააჯარიმა.