24 ივნისი 2026,   22:10
ვრცლად
დავით სონღულაშვილი წყალტუბოში ლურჯი მოცვის კრეფისა და სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებულ ლურჯი მოცვის ბაღში მოსავლის კრეფისა და დაბინავების პროცესს გაეცნო.

"საქართველოში მოცვის ინტენსიური წარმოება სულ რამდენიმე წლის წინ დაიწო. დღეისათვის, სახელმწიფოს ხელშეწყობით და კერძო სექტორის მონდომებით, ქართული მოცვი კონკურენტუნარიანია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, მოთხოვნადია და აქტიურად გადის ექსპორტზე. მწარმოებლებს ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ეტაპზე აქვთ, მათ შორის ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით, რაც გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნის გამოფენებში მონაწილეობის და ქართულ მოცვზე მოთხოვნის გაზრდის ხელშეწყობას", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით იმერეთის რეგიონში ლურჯი მოცვის გაშენებაზე 12 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა მიმართული. წარმოებული პროდუქცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ისე ექსპორტზე გადის. მზარდი წარმოება ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლების მატებას, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მიგრაციის შემცირებას, რაც, საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და რეგიონების გაძლიერებას ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ შპს "ბლუფილდი" 2021 წლიდან სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიას სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 20 ჰექტარზე გაშენებული აქვს ლურჯი მოცვის ბაღი. მოსავლის რეალიზაცია ხორციელდება ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე. საკუთარი ნედლეულისაგან აწარმოებს ლურჯი მოცვის ლიქიორსა და ჩირს. კომპანიაში მუდმივად 11 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად დასაქმებულთა რაოდენობა 200 აღწევს.

პროგრამის "დანერგე მომავალი" ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 57 მლნ ლარზე მეტით, 3,300 ჰა-ზე მეტ ფართობზე დაფინანსებულია ლურჯი მოცვის გაშენება, მათ შორის, იმერეთის რეგიონში, 12 მლნ ლარზე მეტით, 700 ჰა-ზე ლურჯი მოცვის გაშენება.

მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და გიორგი წკრიალაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

 

დღის ამბები