24 ივნისი 2026,   15:56
ვრცლად
ვაკის რაიონში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

წყნეთში, ჯავახიშვილისა და ნაძვების ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის კუთხით დედაქალაქს აქვს გამოწვევები და შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, კონკრეტულ ქუჩებზე ძირეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

„პირველ ეტაპზე ჯავახიშვილის ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი მოაწესრიგა, ამჟამად კი გამგეობა საგზაო სამუშაოებს ახორციელებს, რაც სანიაღვრე ქსელის მოწყობასაც ითვალისწინებს. რაც შეეხება ნაძვების ქუჩას, აქ მოწესრიგდება 10 000 კვ.მ ფართობის ტერიტორია, სადაც ამჟამად, ფაქტობრივად, გზა არ არსებობს, არის გრუნტის გზა. ამ შემთხვევაშიც მიწისქვეშა კომუნიკაციები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოაწესრიგა, ამის შემდეგ კი გამგეობამ საგზაო პროექტი დაიწყო - მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და დაიგება ასფალტის საფარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა ისაუბრა ჭავჭავაძის გამზირის N51-ის მიმდებარედ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საყრდენი კედლის მშენებლობაზე.

მისი თქმით, კედლის სიგრძე 74 მეტრი, ხოლო სიმაღლე 10 მეტრი იქნება და ტერიტორიაზე სულ 1 344 მეტრი სიგრძის 112 ხიმინჯი მოეწყობა.

„მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. არის გამოწვევები და პრობლემები. ამიტომ გვინდა, რომ იმ ქუჩებზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებით შევდივართ, ძირეული ცვლილებები განვახორციელოთ, შევქმნათ ახალი დიზაინის ქუჩები, მოვაწესრიგოთ კომუნიკაციები და განვაახლოთ საგზაო ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

დღის ამბები