24 ივნისი 2026,   11:44
ვრცლად
გიორგი გვარაკიძე პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს - რა საკითხებზე გამახვილდება ყურადღება

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებზე და პლენარულ სხდომაზე პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

2025 წლის ანგარიშში ასახულია პროკურატურის საქმიანობის ყველა ძირითადი მიმართულება - გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები, არსებული ტენდენციები, გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს სისტემა დგას და სამომავლო გეგმები, რომელთა განხორციელება პროკურატურას განვითარებასა და ეფექტიანობის ზრდაში დაეხმარება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრიორიტეტად რჩება ისეთი დანაშაულების წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის გატარება, როგორებიცაა: უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ნარკოტიკული დანაშაული, ტრეფიკინგი, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაული, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ეკონომიკური დანაშაულები.

საქართველოს პარლამენტისთვის გენერალური პროკურორის მიერ წარდგენილ ანგარიშში საუბარია დაზარალებულებზე ორიენტირებულ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, არასრულწლოვანთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე და მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებაზე, კორუფციულ დანაშაულზე და ასევე, ნარკოტიკულ და ორგანიზებულ დანაშაულზე.

ანგარიშში ასევე საუბარია, ფულის გათეთრების, თაღლითობისა და ოჯახური დანაშაულების შესახებ.

გენერალური პროკურორი სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ისაუბრებს საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებულ ისეთ პრიორიტეტებზე, როგორიცაა დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება.

ანგარიშის თანახმად, დაზარალებულის უფლებების ეფექტიანი დაცვისა და მათი ემოციური მხარდაჭერის მიზნით, უწყება აუმჯობესებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა საქმიანობის ხარისხს.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წელს მეტი გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მიზნით, პროაქტიულად ვრცელდებოდა ინფორმაცია, როგორც ზოგადი სტატისტიკისა და მიმდინარე ტენდენციების, ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ცალკეული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ.

პროკურატურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

დღის ამბები