19 ივნისი 2026,   21:50
ვრცლად
კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს

"ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა მზაობა ევროკავშირთან დიალოგის განახლებისთვის.

"ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათი მთავარი ხაზი, პოლიტიკა, დაფინანსებაც, მიმართულია იმისკენ, რომ პოლარიზაცია, საზოგადოების დაყოფა გაღრმავდეს, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. პირდაპირ დავარქვათ ყველაფერს სახელი, თუ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც აღრმავებენ პოლარიზაციას, არიან დესტრუქციულები. ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორ მოქმედებდნენ ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან. რა თქმა უნდა, ის თანხები, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყანაში შემოდიოდა, მიმართული იყო აგენტურის შექმნაზე და ამაში ხელფასს უხდიდნენ კონკრეტულ ადამიანებს. ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები კეთილი ზრახვებითა და მზრუნველობით იყვნენ დაკავებული, მაგრამ სინამდვილეში რა იყო მათი მთავარი მოტივაცია და მიზანი, ყველამ ძალიან კარგად იცის. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს თანხები ხმარდებოდა ქვეყანაში რევოლუციების, სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობას. პოლარიზაციის გაღრმავებაც ზუსტად იმაზე მიუთითებს, რომ ქართველი ხალხი დაყონ", - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ ბოლოს მიღებულ რეზოლუციას და აღნიშნა, რომ მსგავსი დოკუმენტები მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზეა დაფუძნებული.

"რეზოლუციები ბევრი გვინახავს და ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება. მათ არანაირი ფასი არ აქვს, რადგან მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე, ტყუილია და არანაირი კონკრეტიკა, სიმართლე მათში არ არის. ბევრი გვინახავს წარსულშიც ამ შინაარსის რეზოლუციები. გრძელდება ცილისწამება, შეურაცხყოფა, მუქარები. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. ის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს. საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო. ის არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ქართველ ხალხს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს დამოუკიდებლობას", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

დღის ამბები