"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე კრიზისსა და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურის დასახელებას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება.
არჩილ გორდულაძის შეფასებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტიაში დაკარგული გავლენებისა და მართვის სადავეების დაბრუნებას ცდილობს.
"საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, თუ "კოლექტიურ ნაცმოძრაობაში" ფორმალურ თავმჯდომარის პოსტს ვინ დაიკავებს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, დამნაშავე, სისტემური და სისტემატური მწამებლური რეჟიმის შემქმნელი და მთავარი შემოქმედი - მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი პირი "კოლექტიურ ნაცმოძრაობაში". როგორც ჩანს, მას მართვის საცეცები გაექცა თავის პარტიაში და პარტიაში გაერთიანებულმა პირებმა სცადეს, რომ პირდაპირი კავშირი დაემყარებინათ გარე პატრონებთან მიხეილ სააკაშვილის გვერდის ავლით. ზუსტად ამ ყველაფრის თავისი გავლენის სფეროში დაბრუნების მცდელობას ვხედავთ. წარმოიდგინეთ, რა მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი "კოლექტიური ნაცმოძრაობა" და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში - მათი გარე პატრონები, რომ ნანუკა ჟორჟოლიანზე უკეთესი, ამ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ყველაფერზე ხელმომწერი ადამიანი ვერ იპოვეს," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის: ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიაში კრიზისი გრძელდება და ძალაუფლების გადანაწილების პროცესი გუნდის წევრებს შორის ღია დაპირისპირების მიზეზად იქცა. აქტუალურია კითხვა - ვინ რჩება და ვინ მიდის "ნაციონალური მოძრაობიდან"? პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ "ნაცმოძრაობიდან" წასვლას არ აპირებს, ნანუკა ჟორჟოლიანმა კი, პატიმარი ექსპრეზიდენტის თხოვნით, პარტიულ ორგანიზაციებთან შეხვედრები უკვე დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი ციხიდან ორი დღის წინ დაასახელა, რაც თინა ბოკუჩავამ სოციალური ქსელიდან შეიტყო და ამ ნაბიჯს "იმპულსური გადაწყვეტილება" უწოდა.
ავტორი: ნანა გოგატაძე