რასა იუკნევიჩიენეს გუშინდელ განცხადებას საქართველოსა და ევროკავშირის გაფართოების გეგმების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობაში კიდევ ერთხელ ეხმიანებიან. კანონმდებლების შეფასებით, ევროპარლამენტარის აღნიშნულმა გამოსვლამ მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ, ომის წესებზე აყოლაზე უარის თქმის გამო ისჯება.
ერთ-ერთ ინტერვიუში იუკნევიჩიენემ აღიარა, რომ 2022 წლამდე, საომარი მოქმედებების დაწყებამდე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გაფართოებაზე არავინ საუბრობდა და შესაძლებლობის ფანჯარა მხოლოდ უკრაინის ომის გამო გაიხსნა.
"ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეფასებას, რომელსაც მმართველი გუნდი წლების განმავლობაში გამოთქვამდა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მიმართ არსებობდა მოლოდინი, რომ ქვეყანა კონფლიქტში უფრო აქტიურად ჩაერთვებოდა, ხოლო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხი გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებოდა.
"რასა იუკნევიჩიენეს განცხადება არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ 2022 წლიდან, როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში, გახდა საჭირო, რომ დღის წესრიგში ყოფილიყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ამიტომაც გაააქტიურეს ეს კანდიდატის სტატუსის თემა სავაჭრო საგნად", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.