18 ივნისი 2026,   02:57
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის გაფართოების ახალი წესები აჩენს კითხვებს, რამდენად არის მზად ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ის ეთერში ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ყურადღება მახვილდება იმაზე, თუ რამდენად მზად არის თავად ევროკავშირი ახალი წევრი სახელმწიფოების მისაღებად, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გაფართოების საკითხი ევროპული უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური პროცესების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.

„ჯერ კიდევ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში იყო საუბარი, თუ რამდენად მზად იყო ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნების მისაღებად. განსაკუთრებული აქცენტი უკრაინაზე კეთდებოდა, იმიტომ, რომ მაშინ გაჟღერდა, თითქოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი იყო სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი და ევროკავშირის რიგი წევრი ქვეყნების აღშფოთებაც კი გამოიწვია, თუ რამდენად უნდა უკარნახონ მესამე ქვეყნებმა ევროკავშირს, როდის და რა პირობებით გაფართოვდეს. ამის შემდგომ კიდევ უფრო გააქტიურდა საუბრები, თუ რა წესებით უნდა მოხდეს გაფართოება. ერთგვარად ფაქტის წინაშე დგას ევროკავშირი რომ გაფართოების საკითხის კიდევ გადადება და გაწელვა შეიძლება შეუძლებელი გახდეს რაღაც მომენტში“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა უნგრეთის მაგალითზე, რომელიც ხშირად გამოიყენება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვეტოს უფლების მნიშვნელობის საილუსტრაციოდ. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ვეტოს უფლება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის თანასწორობისა და თანასწორუფლებიანობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა.

„ბოლო პერიოდში ხშირად არის საუბარი და უნგრეთის შემთხვევა ხშირად იყო გამოყენებული იმის საჩვენებლად, თუ რამდენად უარყოფითად შეიძლებოდა ემოქმედა ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ერთი ქვეყნისთვის ვეტოს უფლებას. სწორედ ეს არის გარანტია თანასწორობის, თანასწორუფლებიანობის წევრ სახელმწიფოებს შორის. გადაჭრით საუბარი, თუ როგორი იქნება პირობები ჩემთვის შეუძლებელია, რადგან დაწერილი, ხელმოწერილი და შეთანხმებული ეს არ არის, თუმცა ცხადია, არის საუბრი, რომ ახალ წევრებს გაწევრიანების შეთანხმებაში ჰქონდეთ პირობა დადებული, რამდენი წელი არ ექნებათ მათ რაღაც უფლებები, როგორიც ექნებათ სხვა წევრ სახელმწიფოებს,“ - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრის განმარტებით, ევროკავშირში ასევე განიხილება მოდელი, რომლის მიხედვითაც ახალ წევრ სახელმწიფოებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლოა არ ჰქონდეთ ის უფლებები, რომლებითაც სხვა წევრი სახელმწიფოები სარგებლობენ. მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, ასეთი მიდგომა მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს ევროკავშირის მომავალი განვითარების მიმართულებასთან დაკავშირებით.

„მთავარი კითხვა აქ არის ის - არის თუ არა ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის. თუ ევროკავშირი იწყებს უკვე გზების ძიებას, თუ როგორ არ უნდა გახდნენ სრულფასოვანი წევრები ახალი წევრი სახელმწიფოები, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არ არის მზად ახალი გაფართოებისთვის და უბრალოდ ეძებენ გზას იმისათვის, თუ როგორ შეიძლება შექმნან გაფართოების ილუზია,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, გაფართოების პროცესთან დაკავშირებული ცვლილებები მხოლოდ ინსტიტუციურ საკითხებს არ ეხება და შესაძლოა ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებზეც იქონიოს გავლენა.

„რა გამოდის, რომ ბრიუსელის წესები ყოველგვარი ხმის, საკუთარი ინტერესების გათვალისწინების გარეშე სავალდებულო უნდა იყოს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, მიუხედავად იმისა ეს იქნება თუ არა მათ ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობაში? ეს ფუნდამენტურად ცვლის თავად ევროკავშირის არსს. ევროკავშირი სწორედ სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანებაა. რა თქმა უნდა, არის სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილების დათმობა კავშირის სასარგებლოდ, თუმცა ეს არასოდეს არ ეხებოდა საგარეო პოლიტიკას,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ამ კონტექსტში ჩნდება დამატებითი კითხვები, თუ რა ფორმით იქნება დაცული წევრი სახელმწიფოების ეროვნული ინტერესები და რამდენად შეინარჩუნებენ ისინი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას ევროკავშირის გაფართოების ახალი მოდელის პირობებში.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის განსაკუთრებით რთულია ევროკავშირის გაფართოების სამომავლო ხედვების შეფასება იმ პირობებში, როდესაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, თუმცა რამდენიმე თვეში ევროკავშირმა კანდიდატ ქვეყანასთან დიალოგი შეაჩერა.

„ძალიან რთულია ისაუბრო დღეს ევროკავშირის გაფართოებაზე და სრულად გქონდეს წარმოდგენა მათ ხედვებზე, თუ რას ფიქრობენ და როგორ ფიქრობენ მომავალთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები