"ევროპა და დასავლეთი უშვებდა სტრატეგიულ შეცდომას, როდესაც კოჭს უგორებდა რუსეთს და არ ახდენდა ნაცრისფერი ე.წ. ზონის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და იმის იმედად იყვნენ, რომ პუტინი გახდებოდა კონსტრუქციული პოლიტიკური აქტორი", - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ევროპამ და დასავლეთმა გვიან გადადგა ის ნაბიჯები, რომელიც გაცილებით ადრე უნდა გადაედგათ.
"როცა მიხვდნენ, რომ პუტინი რეალურად აპირებს ქვეყნების დაპყრობას, ამ დროს გადადგეს ის ნაბიჯი, რომელიც ბევრად ადრე უნდა გადაედგათ. ეს მცდარი პოზიცია, რომ აღარ აქვთ, არის კარგი თავისთავად. სამწუხაროდ, აგვისტოს ომმა ვერ დაარწმუნა ისინი ამაში. შემდეგ ყირიმის ომმაც ვერ დაარწმუნა. ახლა ამ ომმა კიდევ კარგი დაარწმუნა", - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ლაპარაკი 2022 წელს დაიწყო. უკრაინა-რუსეთის ომამდე კი, ამის პოლიტიკური ნებაც კი არ არსებობდა. რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ ანგარიშს ევროპარლამენტში დღეს კენჭს უყრიან. დოკუმენტში ისმის კრიტიკა "ქართული ოცნების" მიმართ. მოთხოვნილია სანქციების დაწესება თანამდებობის პირების და მედიასაშუალებების მიმართ.