4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებზე დაკავებული 13 პირის სასამართლო პროცესი 1 კვირით გადაიდო. მიზეზი, მათთან საპროცესო შეთანხმების შესაძლო გაფორმებაა.
როგორც დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი, დაკავებულებმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა, უწყებას ამ ეტაპამდე აღნიშნულზე არ უმსჯელია.
სხდომა 24 ივნისს ჩატარდება. დაკავებულებს, ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ედავებიან.
ადვოკატ ლევან მახარაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე სასჯელის ზომად მინიმალური ვადის განსაზღვრას მოითხოვს.
"დღევანდელი პროცესი გადაიდო იმის გამო, რომ ბრალდებულებს მიმართული აქვთ განცხადებით პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო პროცესამდე, ამ ერთი კვირის განმავლობაში, იქნება კონკრეტული პასუხი მიღებული. ზუსტი ვადა არ გვაქვს მითითებული. შეძლებისდაგვარად, მინიმალური ვადით სასჯელზე გვიწერია", - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
პროკურორ როინ ხინთიბიძის განცხადებით კი, ბრალდების მხარე ყველა ბრალდებულის საქმესთან დაკავშირებით ინდივიდუალურად იმსჯელებს.
"13-ვე ბრალდებულს მომართული აქვს ჩვენთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით, ეს დააფიქსირეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე. რა თქმა უნდა, განვიხილავთ ამ განცხადებებს. ბრალის ხარისხის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ვართ მოლაპარაკებების ეტაპზე.
ყველა ბრალდებულს განსხვავებული მოთხოვნა აქვს. განვიხილავთ ყველას მოთხოვნას და ჩამოვყალიბდებით. ბრალდების ხარისხი უნდა შევაფასოთ თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით, ასევე, მათი ნასამართლეობა და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ. ყველა ბრალდებულს განსხვავებული ბრალდება აქვს - ზოგიერთი მათგანი დაცვის თანამშრომელს, ზოგი პოლიციას ურტყამს ხელს, ზოგი იჭრება ეზოში და ა.შ." - აღნიშნა როინ ხინთიბიძემ.