17 ივნისი 2026,   02:41
ვრცლად
ირანთან სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი ჯერ არ გამოგვიქვეყნებია, რადგან მიმდინარეობს გარკვეული დელიკატური დიპლომატიური პროცესები - ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი განმარტავს, თუ რატომ არ გამოქვეყნებულა ირანთან შეთანხმების ტექსტი. მისი თქმით, ვაშინგტონს ჯერ არ გამოუქვეყნებია ირანთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი, რადგან მაღალჩინოსნების აზრით, საჭიროა პროცესის სწორი თანმიმდევრობით წარმართვა. 

"მიმდინარეობს გარკვეული დელიკატური დიპლომატიური პროცესები, სადაც ირანელებმა და არამხოლოდ ირანელებმა, არამედ ჩვენმა შუამავლებმაც, პაკისტანელებმა და კატარელებმა, გვთხოვეს, რომ ეს ყველაფერი სწორი თანმიმდევრობით განვახორციელოთ," - აცხადებს ვენსი. 

მან ისიც აღნიშნა, რომ თავადაც ბოლომდე ვერ ხვდება შეთანხმების ტექსტის საიდუმლოდ შენახვის მიზეზებს.

"არაბულ და მუსლიმურ სამყაროში არსებობს გარკვეული სენსიტიურობები, რომელთა მიმართაც ვცდილობთ, ვიყოთ ყურადღებიანები," - აღნიშნა მან.

ამასთან, ვენსმა მიანიშნა, რომ მომავალში ირანთან მოლაპარაკებები თუ ჩავარდება, აშშ შესაძლოა, პროცესს ჩამოშორდეს. მისი შეფასებით, ვაშინგტონი ამჟამად ძლიერ პოზიციაში იმყოფება ორ ქვეყანას შორის ახლახან გამოცხადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შემდეგ.

მისივე თქმით, შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც აშშ-სთვის სტრატეგიული ვითარება ხელსაყრელი რჩება.

"შეთანხმებას თუ არ შეასრულებენ, სრუტეები კვლავ ღია იქნება, მათ ბირთვულ პროგრამას უკვე სერიოზული ზიანი მივაყენეთ და ფაქტობრივად, შეგვიძლია, როგორც ქვეყანამ, ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ," - განაცხადა ვენსმა.

მანამდე, ისრაელმა აშშ-ს ირანთან შეთანხმების ტექსტის ნახვა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო - ამის შესახებ, CNN-ს ისრაელელმა წყარომ განუცხადა. ამ ნაბიჯმა აშშ-ის მოკავშირე გაურკვევლობაში დატოვა.

წყაროს თქმით, მოთხოვნის უარყოფის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შიშობდა, რომ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად გამოქვეყნებამდე გაავრცელებდა.

დღის ამბები