16 ივნისი 2026,   22:43
ვრცლად
ადმინისტრაციული საქმეები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - 1 ივნისიდან დღემდე სამმართველომ სასამართლოებს 60-მდე საქმე წარუდგინა

საჯარო სივრცეში გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარის ავტორი თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. გიორგი გედენიძეს 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. კანონდარღვევის ფაქტი "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის" სამმართველომ გამოავლინა და საქმე განსახილველად სასამართლოს გადასცა. ახლად შექმნილი დეპარტამენტის იურისტის განმარტებით, გიორგი გედენიძემ ოპოზიციონერ ლიდერს შეურაცხყოფა მიზანმიმართულად მიაყენა.

შეურაცხმყოფელი კომენტარის ავტორი დღეს საკუთარ სასამართლო პროცესს არ დასწრებია, ხოლო ადრესატი ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

რატომ დაიწყო გიორგი გედენიძის წინააღმდეგ საქმის განხილვა, თუ საგამოძიებო ორგანოსთვის ნიკა გვარამიას თავად არ მიუმართავს? - ამ შეკითხვის საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ როდესაც საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ეხება, უწყება მოქალაქის მიმართვის გარეშეც უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოახდინოს მასზე რეაგირება.

გიორგი გედენიძემდე კი იყო შოთა თუთბერიძე. თბილისის საქალაქო სასამართლომ უფლებადამცველი სამართალდამრღვევად დეპუტატ ნინო წილოსანის შეურაცხყოფისთვის ცნო. დეპუტატმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ახლად შექმნილი დეპარტამენტისა და კანონის მთავარი მიზანი საჯარო სივრცეში ადამიანის ღირსების შემლახავი სიძულვილის ენისა და აგრესიული კამპანიის აღკვეთაა.

1 ივნისიდან დღემდე სამმართველომ სასამართლოებს 60-მდე საქმე წარუდგინა. აქედან 30 საქმეზე მოსამზადებელი სხდომა ჩაინიშნა, ხოლო 8 საქმე შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასრულდა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები