14 ივნისი 2026,   22:50
ვრცლად
უწყვეტი მშვიდობის 14 წელი - ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში

2012 წელი, პოლიტიკურ გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყანა და საზოგადოება, რომელიც მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს დაპირება რეალობად იქცეოდა, "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების შემდეგ კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვლებოდა. ხალხმა არჩევანი გააკეთა, ქვეყანა "ქართულ ოცნებას" ანდო და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ახალი ეპოქაც დაიწყო - უწყვეტი მშვიდობის 14 წელი, რომელსაც საფუძველი მაშინ ჩაეყარა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა დაანონსა, პარტია დააფუძნა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად საარჩევნო ბრძოლაში შევიდა.

ამ ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, საზოგადოების დიდ უმრავლესობას არჩევანი აღარ შეუცვლია. "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ბევრი დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა. თუმცა პარტიას მძიმე მემკვიდრეობა დახვდა: "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ადამიანების მიმართ ჩადენილი სისტემური და სისტემატიური დანაშაულები, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც აღიარა. სწორედ ადამიანი და მისი ღირსება გახდა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტიის მთავარი საზრუნავი

14 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, ძლიერი ეკონომიკა და პრაგმატული პოლიტიკა- სახელისუფლებო პარტია, ქვეყნის განვითარებისა და სიძლიერის გარანტად სწორედ ბიძინა ივანიშვილს ასახელებს, თუმცა ისინი ვინც, საქართველოს მშვიდობიანი განვითარების გზას ვერ ეგუებიან, სამიზნეს სწორედ "ქართული ოცნების" დამფუძნებელზე ასწორებენ. ბიძინა ივანიშვილი გარე და შიდა აქტორების თავდასხმის ობიექტად არაერთხელ იქცა.

ზეწოლა, სანქცირების პირდაპირი და ირიბი მუქარა, შანტაჟი და უსამართლო დამოკიდებულება - ბიძინა ივანიშვილი მსგავსი მიდგომების ობიექტი არაერთხელ გამხდარა, თუმცა "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა პირად ინტერესებზე მაღლა ეროვნული ინტერესების დაყენების პირობა არაერთხელ დადო. მათ შორის 2024 წლის არჩევნების წინ. რეგიონში მიმდინარე ომების, გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და მსოფლიოში შექმნილი უმძიმესი ვითარების მიუხედავად, ქვეყნის განვითარება რომ არ შეჩერდებოდა, ეს ბიძინა ივანიშვილმა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ უთხრა.

ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური წარმატება არაერთმა საერთაშორისო რეიტინგმა აღიარა, თუმცა ქართული ოპოზიცია და გარე ლობისტები, შედეგებს მაინც არ ცნობენ. სწორედ ოპოზიციის კომპეტენციის არარსებობას და ამით გაჩენილი ცდუნების რისკებს დაუკავშირა ბიძინა ივანიშვილმა 2023 წელს პოლიტიკაში შემობრუნების გადაწყვეტილება.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი ხარვეზები აღმოიფხვრა. საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ყველა რეიტინგში ლიდერობს, რაც ბიძინა ივანიშვილის კვალიფიციური რჩევებისა და კონსულტაციების პირდაპირი შედეგია.

ბიძინა ივანიშვილის როლზე საუბრობენ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში განმარტავენ, რომ ოპონენტებს ბიძინა ივანიშვილის კომპეტენცია აღიზიანებთ, რადგან ის მათ გათვლებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს.

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი, პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტს 2023 წლიდან იკავებს. მოგებული საერთაშორისო არბიტრაჟები, უკანონოდ გაყინული აქტივები, შანტაჟი და მუქარა - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საზოგადოებამ, არაერთი შეტევა იხილა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ ყველაფრის მიუხედავად, ივანიშვილი ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში საკუთარი როლის შესრულებას განაგრძობს. ბიძინა ივანიშვილი, როგორც საპატიო თავმჯდომარე "ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკური ბონუსია.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას თანამედროვე საქართველოს ისტორიაში სტაბილურობის, მშვიდობისა და ეროვნული სუვერენიტეტის განმტკიცების პერიოდად აფასებს მმართველი გუნდი. 2012 წლის გარდამტეხმა გამარჯვებამ საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფო ინსტიტუტების ჰუმანურ ტრანსფორმაციას, სადაც მთავარ ღირებულებად ადამიანი, მისი უფლებები და სოციალური კეთილდღეობა იქცა.

ავტორი: იზი ბურნაძე 

დღის ამბები