13 ივნისი 2026,   22:33
ვრცლად
დაშლილი ალიანსი და რღვევა ენმ-ში - თინა ბოკუჩავა თუ ნანუკა ჟორჟოლიანი - ვის დარჩება "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარეობა?

გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა უკვე მიიღო, "ნაციონალურ მოძრაობაში" კი, მაინც ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ყველაფერი დელეგატებზეა დამოკიდებული. თინა ბოკუჩავა თუ ნანუკა ჟორჟოლიანი? - პირველის თავმჯდომარეობის პირობებში, პარტიის რეორგანიზაცია მეორეს ჩაბარდა. მიიღო პირველის ჩანაცვლების შეთავაზებაზეც, თუმცა თანამდებობის გაზიარებას დათანხმდა. ექსპრეზიდენტის ფავორიტმა "ნაციონალურ მოძრაობაში" ციხიდან დაანონსებული რევოლუცია უნდა მოახდინოს - მოდის საკუთარი გუნდით, ამიტომ ახლა ყველა ფრთხილობს, წინასწარ გამოხატოს პოზიცია.

ის, ვინც ახლა პარტიის დე ფაქტო სათავეში დგას, დუმს. თინა ბოკუჩავას საჯაროდ არაფერი უთქვამს მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ნდობის მანდატი ნანუკა ჟორჟოლიანს გადასცა. სამაგიეროდ, უკვე აქტიურობს ახალი რჩეული, რომელიც ტურბულენციაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობისთვის" "ძველი დიდების" დაბრუნებას რადიკალური ცვლილებებით აპირებს.

წინასწარ გამოცხადებული უნდობლობის ქრონიკა - შიდაპარტიული რევოლუცია აშინებთ ძველ წევრებს, რომლებიც ახალი სახეებით მათი ჩანაცვლების საფრთხესაც ხედავენ.

გია ბარამიძისთვის თავისი ფორმა აქვს "ნაციონალური მოძრაობის" ალიანსიდან გარიცხვასაც. როგორც ჩანს, სააკაშვილის პარტია ლოგოდან ამოშლასაც ელოდება.

ერთმანეთის კონკურენტები ძალაუფლებისა და ფინანსური რესურსებისთვის - ერთობის ამბიციით და შიდა პრობლემებით ოპოზიცია რომ თვითლიკვიდაციის რეჟიმში ჩადგა, არ უკვირს მმართველ პარტიას. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც ხელოვნურად, გარე ინსტრუქციით იქმნება, იშლება.

ოპოზიციურმა ცხრიანმა ერთობის რესურსი დასაწყისშივე ამოწურა. ივნისში ეწურება ვადა "ნაციონალური მოძრაობის" მენეჯმენტსაც - თავმჯდომარეს, მდივნებს, მთელ პოლიტსაბჭოს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ერთ თვეში საბოლოოდ გაირკვევა სააკაშვილის პარტიის ძველი წევრების ბედი, რომელსაც, სავარაუდოდ, თავად სააკაშვილივე გადაწყვეტს.

დღის ამბები